შედეგები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
16 დეკემბერი, 2025საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელზე, რომლითაც მოთხოვნილია პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა" და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", აკრძალვას.1 დოკუმენტი აანალიზებს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ფორმის შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს.
როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების დასაბუთების პარალელურად, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ისტორიული კონტექსტი, რომელშიც შეიძლება მოხდეს პარტიის აკრძალვა.2 ამდენად, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს არსებითად მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, რომელიც ხასიათდება: ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრით, დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპების თანდათანობითი ეროზიით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ავტონომიური სამოქალაქო სივრცეების სისტემური შევიწროებით, ასევე სამართლებრივი ჩარჩოს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ინსტრუმენტალიზაციით.
თავდაცვისუნარიანი დემოკრატია, როგორც კონცეფცია, რომელიც არაერთხელ აქვს მოსარჩელე მხარეს ნახსენები სარჩელში, წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის იდეას, რომელიც მზად არის გამოიყენოს წინასწარი არალიბერალური ზომები, რათა დაიცვას თავი ანტიდემოკრატიული ძალებისგან, რომლებიც თვით დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ მისი ძირითადი პრინციპების ნგრევას.3 ამ თეორიული ჩარჩოს მიზანია დემოკრატიული წესრიგის თვითდაცვა შიგნიდან მომდინარე საფრთხეებისგან, თუმცა მისი მოქმედება აზრს მხოლოდ მაშინ იძენს, როდესაც თავად პოლიტიკური სისტემა ინარჩუნებს დემოკრატიულ ბუნებას. თუ რეჟიმი კარგავს დემოკრატიულ ხასიათს და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის თეორიული ჩარჩო თავის საფუძველს კარგავს და იქცევა პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის იურიდიულ ინსტრუმენტად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მკაფიოდ მიუთითებს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე მკაცრ ფორმას და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი ზომის სახით, გამონაკლის შემთხვევებში.4 პარტიის აკრძალვის საფუძველი შეიძლება იყოს ორგანიზებული და მიზანმიმართული ქცევა, რომელიც მიმართულია დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ. დაუშვებელია პარტიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მხოლოდ ცალკეული პირების ინდივიდუალური გამონათქვამების თუ ქმედებების გამო.5 ამასთანავე, პარტია არ შეიძლება აიკრძალოს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მისი იდეები საზოგადოების ნაწილისთვის არაპოპულარული ან შეურაცხმყოფელია.6
იხილეთ ამიკუსი
1 საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე, ხელმისაწვდომია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=18680, განახლებულია: 27.11.25.
2 Refah Parti̇si̇ (the Welfare Party) and Others V. Turkey, (Applications nos. 41340/98, 41342/98, 41343/98 and 41344/98), para. 105.
3 Mueller, J.W., Militant Democracy, The Oxford Handbook of Comparative Constitutional Law, 2012, 1254.
4 Venice Commission & OSCE/ODIHR, Guidelines on Political Party Regulation (Second Edition), CDL-AD(2020)032. para 50.
5 Venice Commission & OSCE/ODIHR, Guidelines on Political Party Regulation (Second Edition), CDL-AD(2020)032. Para 118.
6 United Communist Party of Turkey and Others v. Turkey, (App. no. 133/1996/752/951), para. 43.
გააზიარე: