სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ცესკოს განცხადებას ეხმაურებიან

  ბოლო დღეების განმავლობაში მედიის ყურადღების ქვეშ საარჩევნო სუბიექტების მიერ საკუთარი წარმომადგენლების არჩევნების დღის შემდგომ შეცვლის საკითხი მოექცა. კერძოდ, ცესკოს მდივნის, გიზო მჭედლიძის 3 ოქტომბრით დათარიღებული 11 განკარგულების მიხედვით, ცალკეულ საოლქო საარჩევნო კომისიებში შეიცვალნენ საარჩევნო სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ წარმომადგენლები. საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ნათლადაა განსაზღვრული, რომ: „საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“ აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს, რომ არჩევნების დღის შემდგომ წარმომადგენლის გამოწვევა ან ჩანაცვლება საარჩევნო სუბიექტის მიერ შესაძლებელი არ არის. მოქმედი კანონმდებლობის მხედველობაში მიღებით, საიამ და „სამართლიანმა არჩევნებმა“საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების არჩევნების დღის შემდგომი შეცვლა აოლქო საარჩევნო კომისიებშიკანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებად შეაფასეს.  

2012-10-07 14:39 სრულად ნახვა

განცხადება მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშრებით

  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”  მარნეულის გამგეობაში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს გმობენ. ორგანიზაციების დამკვირვებლების ინფორმაციით, დღეს მარნეულის გამგეობის შენობაში შეიჭრნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ გამგეობის თანამშრომლებს. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა გამგებლის მოადგილისა და  მისი მძღოლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს. ეს უკანასკნელი ამჟამად გადაყვანილია საავადმყოფოში. მარნეულის გამგებლის განცხადებით, ფიზიკურ ძალადობას მის მიმართაც ჰქონდა ადგილი.  

2012-10-05 17:26 სრულად ნახვა

საია-მ ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საქმე მოიგო

  ევროპული სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გულგრილი იყო დემონსტრანტებისათვის პატიმრობის შეფარდების დროს გამოერკვია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 2012 წლის 2 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე კაკაბაძე, ჩხარტიშვილი, ჯიშკარიანი, რთველიაშვილი და დალაქიშვილისაქართველოს წინააღმდეგ (საქმე #1484/07).  სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებლების მიმართ დაარღვია კონვენციის მე-5 (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-11 (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლები (გასაჩივრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებზე), რადგან განმცხადებლების დაკავება მოხდა უკანონოდ, შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევით, ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე ხუთივე განმცხადებელს 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც სასამართლოს აზრით, აშკარად გადამეტებული სასჯელი იყო. განმცხადებლების ინტერესებს საია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი  (EHRAC) წარმოადგენდა.

2012-10-05 10:35 სრულად ნახვა

საიას განცხადება ხაშურის #35 საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდებს უფლებამოსილ ორგანოებს ადეკვატური და ეფექტური რეაგირებისაკენ. აღნიშნული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სადავო უბნების მონაცემები არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე ხაშურის საარჩევნო ოლქში. ხაშურის #35  საარჩევნო ოლქის დაახლოებით 10 საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი, მათ შორის აღნიშნულ უბნებზე გამართული არჩევნების შედეგების შეჯამება, მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა. კერძოდ, არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა განმარტებებით, დასტურდება რომ აღნიშნული უბნებზე  ადგილი ჰქონდა შემაჯამებელი ოქმების მონაცემების იმგვარ შედგენას რაც არ ასახავდა აღნიშნულ უბნებზე ამომრჩეველთა მიერ გამოხატულ ნებას ან საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი ოქმების მონაცემების მოგვიანებით შეცვლას. ამასთან, ხაშურის ოლქის რამოდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა სპეციალური დანიშნულების რაზმების შეჭრას და კომისიის წევრების იძულებას მათი მითითების მიხედვით მოეხდინათ არჩევნების შედეგების ასახვა შემაჯამებელ ოქმებში.

2012-10-04 12:03 სრულად ნახვა

განცხადება არჩევნების შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ამჟამად საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით აშკარაა, რომ ქვეყნის მასშტაბით ადგილი აქვს სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებთან პოლიტიკური პარტიების აქტივისტების შეკრებას, რომლებიც ზოგჯერ აგრესიულობით გამოირჩევიან. კონკრეტულად, უბნების გაბათილებისა და გადათვლის მოთხოვნებით აქციები იმართება მარტვილის, სენაკის, თერჯოლის, ამბროლაურის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ახალქალაქის, ახალციხის, მარნეულისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებთან. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიის სამომავლო პიკეტირების თაობაზე. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ადგილი ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტს იმ მიზეზით, რომ ორგანიზაციის წითელი ლოგო პარტიის აქტივისის მიერ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან იქნა ასოცირებული.

2012-10-04 08:19 სრულად ნახვა

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასება

საია არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში. ასევე საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე შემდეგ ქვეყნებში: აშშ, დიდ ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი. მიუხედავად გარკვეული პროცედურული დარღვევებისა, დღის განმავლობაში პროცესი ძირითადად მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. გამონაკლისი იყო ხაშურის #35 ოლქი, სადაც სპეციალური დანიშნულები რაზმი რამდენიმე უბანზე ჩაერია ხმის დათვლის პროცესში. პროცედურული დარღვევები ძირითადად ფიქსირდებოდა კენჭისყრის პროცესის დროს. აღსანიშნავია: • მარკირების პროცედურის გაუმართაობა; • სხვის ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობა; • საარჩევნო სიებში არსებული უზუსტობები, განსაკუთრებულად კი საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა არ ყოფნა საარჩევნო სიაში;

2012-10-02 10:14 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის

საიას აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 35 საარჩევნო ოლქში. 21:00 საათისთვის საბურთალოს #3 ოლქის #69 უბნის და კრწანისის #4 ოლქის #31 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება სპეციალური დანიშნული რაზმის მობილიზება. უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ პირები, რომლებიც აწარმოებდნენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. კვლავაც განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენდა ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს. ასევე, უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები: • კრწანისის #4 საარჩევნო ოლქში მე-16, 29-ე და 31-ე უბნების წინ შეინიშნება პოლიციის აქტიური კონცენტრირება. პოლიციის თანამშრომლები უბანზე გამოცხადებულ პირებს ეკითხებიან ვინაობას და უბანზე გამოცხადების მიზეზს;

2012-10-01 17:43 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 17:00 საათისთვის

საიას აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 35 საარჩევნო ოლქში. 17:00 საათისთვის საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავაც მობილიზებული არიან პირები, რომლებიც აწარმოებენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. კვლავაც განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს და მიზანშეუწონელია. აღსანიშნავია, რომ საიას ცხელი ხაზის მეშვეობით უკავშირდება ბევრი მოქალაქე, რომელიც შეშფოთებულია ამ ფაქტით და მიიჩნევს, რომ აღნიშნულის გამო მათ ეზღუდებათ საკუთარი ნების თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, შეწყვიტონ ამომრჩევლის ნების გამოვლენის ამგვარი კონტროლი და საშუალება მისცენ მოქალაქეებს, თავისუფლად დააფიქსირონ არჩევანი. ასევე, უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები: · დაფიქსირდა 5 შემთხვევა, როდესაც უბანზე მისულ ამომრჩეველს მისი გვარის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ბათუმში #23 და #58 საარჩევნო უბნებზე და საბურთალოს #21 საარჩევნო უბანზე;·

2012-10-01 14:17 სრულად ნახვა

მარკირებასთან დაკავშირებული ხარვეზები

საიას დამკვირვებლების ცნობით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ფიქსირდება მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემა. სითხე არამდგრადია და რამდენადაც საიას დამკვირვებლებმა გადაამოწმეს, ულტრაიისფერი დასხივებით, ხშირ შემთხვევაში, მარკირების კვალი არ ჩანს. მარკირების სითხესთან დაკავშირებით გამოიკვეთა შემდეგი ტიპის პრობლემები: • ულტრაიისფერი დასხივებით რამდენჯერმე გადამოწმების მიუხედავად, სითხის კვალი არ ფიქსირდება (საბურთალოს #91 უბანი, კრწანისის #24 უბანი); • სითხე არის უხარისხო და მხოლოდ ძლიერი შენჯღრევის შემდეგ ტოვებს კვალს (ნაძალადევი #55 უბანი; ბათუმი #8 უბანი); • სითხის კვალი არ ფიქსირდება ფრჩხილის ლაქზე (ქობულეთის #8; ნაძალადევი #41).

2012-10-01 09:27 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის

საია არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში. დღის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში, თუმცა დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები რამდენიმე უბანზე: • საჩხერის #73-ე და დიდუბის #1 უბანზე გახსნის მომენტისთვის ბიულეტენების პაკეტის ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული; • 116-ე სპეც უბანსა და გლდანის #77-ე  უბანზე საიას დამკვირვებლებს შეექმნათ უბანზე შესვლის პრობლემა, თუმცა ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია; • საბურთალოს საარჩევნო ოლქის #91-ე სპეციალურ უბანზე კომისიის წევრების მიერ ფუნქციების თვითნებურად გადანაწილება, წილისყრის შემდეგ; • საბურთალოს #28 უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველმა, რომლის გასწვრივ სიაში იყო აღნიშვნა „იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე“, რაც დარღვევას წარმოადგენს; • მიღება-ჩაბარების აქტებზე რეკვიზიტების მითითების პრობლემა დაფიქსირდა წყალტუბოს #5 უბანსა და ისნის #7 უბანზე.

2012-10-01 07:28 სრულად ნახვა