სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საკანონმდებლო წინადადებები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს

2012-03-02 12:57
Featured image

 

დღეს 12:00 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში, მრგვალი მაგიდა გამართეს, რომელზეც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს.

კონფერენციის პირველ ნაწილში საკანონმდებლო წინადადების ავტორებმა არსებული კანონმდებლობით დაწესებულ გაუმართლებელ შეზღუდვებზე ისაუბრეს და დეტალურად წარმოადგინეს საკუთარი წინადადებები, რომლებიც, მათი აზრით, უზრუნველყოფს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.

შეხვედრის მეორე ნაწილში კამპანიის მონაწილე ორგანიზაციებმა ორი მიმართვა გაავრცელეს, რომლებიც განკუთვნილი იყო საქართველოს ხელისუფლების,  ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისთვის (ODIHR).

 

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობას, რათა მან, წინასაარჩევნო მონიტორინგის მიზნით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის მანძილზე. კამპანიის ორგანიზატორები ასევე მიმართავენ ეუთოს გენერალურ მდივანსა და ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, რათა მათ საქართველოში მოავლინონ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია.

 

მიმართვა  არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისთვის 8 თებერვლამდე ღიაა ხელმოსაწერად და  მათ შეუძლიათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოსა“ და  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ოფისებს მიმართონ.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ  საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო  ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, ასევე, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კამპანია „ეს შენ გეხება“  არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა 13 თებერვალს დაიწყეს და ეს პროცესი, მოქალაქეთა მხარდაჭერით, აქტიურად  მიმდინარეობს.