სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებებს ეხმაურებიან

2014-06-12 13:47
Featured image
გვსურს გამოვეხმაუროთ, ბოლო პერიოდში, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სასამართლოს მისამართით გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას და დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით.
 
2014 წლის 10 ივნისს, ბათუმში, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, განაცხადა: “ჯერ კიდევ გვაქვს ლეგიტიმური ეჭვი და საფუძველი ვიფიქროთ,რომ რამდენიმე მოსამართლე ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი და ჯერ კიდევ რამდენიმე მოსამართლე არის გარკვეული გავლენის ქვეშ ყოფილი ხელისუფლების”. 
 
მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, მაღალი თანამდებობის პირები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ, სასამართლო ხელისუფლების მიმართ, საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას და მითუმეტეს, ცხადი და უტყუარი მტკიცებულებების მოშველიების გარეშე გარკვეული ბრალდებების წამოყენებას ზოგადად სასამართლოს, განსაკუთრებით კი, ინდივდუალური მოსამართლეების მიმართ. მოსამართლეებს ეკისრებათ ვალდებულება იმოქმედონ ეთიკის ნორმების დაცვით, რაც ასევე მოიცავს პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპების უზრუნველყოფას. ამ პრინციპების დარღვევის ფაქტების აღმოჩენა-შესწავლა კი კონკრეტული ორგანოების უფლებამოსილებას წარმოადგენს და არა პოლიტიკური განცხადებების საგანს.
 
ამავე კონტექსტში საყურადღებოა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი მანანა კობახიძის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიორგი უგულავას საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ვიცე-სპიკერის განმარტებით, ადრე საკონსტიტუციო სასამართლო ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას ვერ გაბედავდა და ეს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში შეძენილი დამოუკიდებლობის ნიშანია. აქვე უნდა აღინიშნოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის ელისო ჩაფიძის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმეზე პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომელსაც ადგილი ჰქონდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მისამართით. უმრავლესობის წევრების მხრიდან, სასამართლოს მიმართ გამოთქმულმა შეფასებებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს პროტესტისა და განწყობების ასეთი ფორმით გამოხატვას და მოვლენების მსგავს განვითარებას. სამწუხაროდ, ამ ქმედებებს ადეკვატური რეაგირება და შეფასებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არ მოჰყოლია.
 
დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემისა და აღიარების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ მოქმედებებსა და გამოსვლებში იყვნენ თანმიმდევრული და პრინციპული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დაცვისა და სასამართლო სისტემის გაძლიერების სასარგებლოდ. მათი განცხადებები არ უნდა უწყობდეს ხელს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციასა და ავტორიტეტის შემცირებას.აღნიშნული განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება, პოლიტიკური უმრავლესობის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
 
მოვუწოდებთ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ყველა სხვა პოლიტიკურ ჯგუფს,მოერიდიონ სასამართლო ორგანოების მიმართ დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურ პროცესში ჩართვადა შეარყიოს მისი დამოუკიდებლობა.
 
 
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” (TI)

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”

კონსტიტუციის 42-ე მუხლი
 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება