სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალ საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით ქუთაისსა და ბათუმში საჯარო დისკუსიები გამართეს

2011-10-21 19:21
Featured image

2011 წლის 20 და 21 ოქტომბერს ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საარჩევნო კოდექსის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით ქ.ქუთაისსა და ბათუმში საჯარო დისკუსიები გამართეს. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების, პოლიტიკური პარტიების, საოლქო საარჩევნო კომისიების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.


შეხვედრის თემას წარმოადგენდა საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაცნობა. ორგანიზაციების რეკომენდაციები შეეხება ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტით შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მარეგულირებელ ნორმებს, არჩევნების დაფინანსების გამჭვირვალობისა და მონიტორინგის საკითხებს, საარჩევნო სიების ფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და საარჩევნო დავების პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ორგანიზაციების შეფასებით შემოთავაზებული პროექტი არ გვთავაზობს არსებით ცვლილებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. 
ამ მიმართულებით იგეგმება მუშაობის გაგრძელება საქართველოს პარლამენტთან და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებთან. არასამთავრობო ორგანიზაციები მსგავს შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამართავენ.