სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ეკა მიშველაძის უფლებებს სასამართლოში საია დაიცავს

2016-03-07 13:16
Featured image

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა მიშველაძემ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა, რომლითაც მოთხოვნილია ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ ,,პირველი სტუდიის“ გაუქმების შესახებ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობა, ეკა მიშველაძის სამსახურში აღდგენა და სხვა თანმდევი მოთხოვნები. ასევე, ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დისკრიმინაციული ქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. ეკა მიშველაძის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ ,,პირველი სტუდიის“ გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა  2016 წლის 11 თებერვალს  მიიღო. თუმცა, როგორც ცნობილია, გადაცემა ,,პირველი სტუდია“ ეთერში ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებიდან (2015 წლის სექტემბერი) აღარ გადის, რის მიზეზადაც ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გადაცემის დახურვას ასახელებდა. როგორც აღმოჩნდა, გადაცემა ოფიციალურად 2016 წლის თებერვალში გაუქმდა. 

,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალურ საფუძვლად ,,შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტს (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) მიუთითებს. ამგვარ გარემოებად ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“  ,,პირველი სტუდიის“ დახურვასა და ახალი გადაცემის ეთერში გაშვების არამიზანშეწონილად მიჩნევას ასახელებს. იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ არ ასაბუთებს ,,პირველი სტუდიის“ დახურვის კანონიერებას, ხოლო ახალი გადაცემის გაშვების მიზანშეუწონლად მიჩნევა ასევე დაუსაბუთებელ და არადამაჯერებელ არგუმენტებს ემყარება, კიდევ უფრო ღრმავდება საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები, რომ ადგილი აქვს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სარედაქციო პოლიტიკაში არაჯანსაღ ჩარევას.