სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

გიორგი სულაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო

2023-08-11 09:40
Featured image

2023 წლის 8 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი სულაშვილის საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი სარჩელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 20 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. გიორგი სულაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურებასთან ერთად, შრომისუნარიანობის შემცირების გამო ითხოვდა ყოველთვიური სარჩოს დაკისრებასაც.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, გიორგი სულაშვილმა 2019 წლის 20-21 ივნისს, რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად დაკარგა თვალი და მიიღო მრავლობითი დაზიანებები. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მისი შრომისუნარიანობა 35%-ით არის შემცირებული და მას ცალ თვალში მხედველობა ვერასოდეს დაუბრუნდება.

გიორგი სულაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არის საგანგაშო არა მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა შრომისუუნარო ადამიანისთვის ყოველთვიური სარჩოს დაკისრების მოთხოვნა, არამედ იმიტომაც, რომ ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას სამართალდამცავთა უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული, მთელი ცხოვრების განმავლობაში განგრძობადი მორალური ზიანი სასამართლომ შეაფასა მხოლოდ 20 000 ლარად.

საქმის გარემოებებიდან და საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ შსს-ს თანამშრომელთა უკანონო მოქმედებების შედეგად მოსარჩელე გიორგი სულაშვილმა უდიდესი სულიერი ტკივილი, ტანჯვა განიცადა და დღემდე განიცდის. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გიორგი სულაშვილის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მიკუთვნებული თანხა სრულიად არაგონივრულია, ვინაიდან, სრულ დისპროპორციაშია მოსარჩელის მიერ განცდილ სტრესთან, შიშთან, უარყოფით ემოციებთან და რაც მთავარია, მისი ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხთან, რითაც, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, უნდა ხელმძღვანელობდეს სასამართლო მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას.

ამასთან, სასამართლოს მიერ სრულად იქნა უგულებელყოფილი მოსარჩელის შრომისუნარიანობის საგრძნობლად შემცირების ფაქტი და მოსარჩელეს, რომელმაც დაკარგა მუშაობის უნარი და შესაბამისად, შესაძლებლობა, მიეღო ანაზღაურება, სარჩოს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკასთან, რომლის თანახმადაც, სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირ, პროპორციულად დაკავშირებულია დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბაია ოტიაშვილმა, საქმის განხილვა 2 წლის განმავლობაში გააჭიანურა და მისი დასრულება მხოლოდ რამდენიმე განცხადებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივრის წარდგენის შემდგომ მოხერხდა.

გიორგი სულაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.