სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია “მომავალი სიღარიბის გარეშე” დასავლეთ საქართველოს სტუმრობდა

2007-07-10 20:00
Featured image

საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი, ინფორმაციის უქონლობისა თუ სხვა მიზეზების გამო კვლავ ძირითადი სამედიცინო მომსახურების გარეშე ცხოვრობს. 6 და 7 ივლისს, კოალიციამ “მომავალი სიღარიბის გარეშე” დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ავტო-ტური მოაწყო.

კოალიციის წევრები (არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, Welfare Foundation და საერთაშორისო ორგანიზაცია Oxfam) ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესი გააცნეს.

კოალიცია მოსახლეობას 6 ივლისს ქუთაისში, ხოლო 7 ივლისს ხულოში შეხვდა. გარდა ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიწოდებისა მათ საინფორმაციო ბროშურები და მაისურები (კოალიციის ლოგოთი) გადაეცათ.

მოსახლეობამ კოალიციისადმი საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიჩინა. როგორც აღმოჩნდა, მათმა დიდმა ნაწილმა არ იცოდა (ან არასრული ინფორმაცია ჰქონდა) ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესის შესახებ.

ასევე, 7 ივლისს კოალიციის წევრები ხულოელ ექიმებს შეხვდნენ და მთიან აჭარაში არსებულ ჯანდაცვის პრობლემებზე ისაუბრეს.

2000 წელს საქართველოს მთავრობამ (მსოფლიოს 191 ქვეყანასთან ერთად) აიღო ვალდებულება 2015 წლამდე მიაღწიოს გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნებს, აღმოფხვრას სიღარიბე და უზრუნველყოს ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება.

2007 წლის 7 ივლისს (07.07.07) სწორედ ამ თხუთმეტწლიანი ვადის ნახევარი გავიდა და ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ რა გაკეთდა მთელი ამ დროის განმავლობაში.

სამოქალაქო ალიანსი “მომავალი სიღარიბის გარეშე” ორმოცდაათი არასამთავრობო ორგანიზაციისა და ასობით მხარდამჭერის გაერთიანებაა, რომელიც მოითხოვს სიღარიბის აღმოფხვრას და ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულებას. ჩვენი მიზანია საქართველოს მოსახლეობის გააქტიურება, რომ ერთობლივი ძალებით მოვთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას, დაძლიოს სიღარიბე.
“მომავალი სიღარიბის გარეშე” საერთაშორისო კოალიცია Global Call to Action against Poverty-ს (“გლობალური მოწოდება ქმედებისაკენ სიღარიბის დასაძლევად”) წევრია.

2005 წელს ჩვენ გავერთიანდით, რადგან სიღარიბის გამო:

ყოველდღიურად მსოფლიოში 58 000 ადამიანი იღუპება;
ყოველ 3 წამში ერთი ბავშვი კვდება;
საქართველოში ყოველი მეოცე ბავშვი ვერ აღწევს 5 წლის ასაკს;
ყოველ მეორე ავადმყოფს არ მიუწვდება ხელი აუცილებელ მედიკამენტებზე.