სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიციის „მედია ადვოკატირებისათვის“ განცხადება

2011-07-29 14:10
Featured image

კოალიციამ „მედია ადვოკატირებისათვის“, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეობით აერთიანებს კიდევ ათ არასამთავრობო ორგანიზაციას, 2011 წლის 29 ივლისს საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ნიკა გილაურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიასა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართა.

კოალიცია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ონლაინ აუქციონი შპს ”ალფა-კომი”-ს (საიდენტიფიკაციო კოდი №203829250) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე (მართვის უფლებით გადაცემის ვადა 4 წელი). შპს. „ალფა-კომი“ შეიქმნა შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ბაზაზე და მისი სამართალმემკვიდრეა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექსპლუატაციას უწევს 36 ანძას, მათ შორის თბილისში ფუნიკულიორზე მდებარე ანძას, რომელთა დახმარებით გადაიცემა ტელე-რადიო, სატელეფონო თუ სხვა საკომუნიკაციო სიგნალები და ემსახურება 30-ზე მეტ რადიოსა და 16 ტელეკომპანიას. მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე კოალიციის წევრ ორგანიზაციებს აუცილებლად მიჩნიათ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილებით გაიმართოს საჯარო დისკუსია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

კოალიცია ”მედია ადვოკატირებისათვის” იმედს გამოთქვამს, რომ განცხადებაზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდება.

განცხადების ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.