სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კონკურსი საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა მიღების შესახებ

2015-05-18 17:32
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: იურიდიული ფაკულტეტის (სამართალმცოდნეობის ან საერთაშორისო სამართლის) ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს.  მონაწილეებს  მოეთხოვებათ ასევე კომპიუტერული პროგრამების (საოფისე პროგრამები) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
 
კონკურსში  მონაწილე  პირმა ელექტრონულ  მეილზე - trainee@gyla.ge უნდა  გამოაგზავნოს:
შევსებული  განაცხადის ფორმა (მოაწერეთ ხელი და დაასკანერეთ);
იურისტის დიპლომის ან შესაბამის კურსზე  სწავლების  დამადასტურებელი დოკუმენტი  (დასკანერებული).
 
გთხოვთ, მეილის "subject" ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამართლის სფერო (,,სისხლის სამართალი“ ან ,,სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი“).
 
იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს როგორც წესი 8 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები  მიიღებენ  შესაბამის  სერთიფიკატს. შერჩეული პირები საქმიანობას დაიწყებენ 2015 წლის სექტემბრიდან. 
თანაშემწეებს/სტაჟიორებს ევალებათ:
 
იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან  შემოსული  კითხვა- პასუხების ელექტრონულ პროგრამაში  დაფიქსირება;
სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის  მომზადებაში  დახმარება;
საკანონმდებლო სიახლეებზე  მუშაობა;
ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას იურისტების დახმარება; 
იურიდიული დახმარების თანამშრომლებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა და სხვა მოვალეობათა შესრულება.
 
კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც  განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.
 
საბუთების მიღება ზემოაღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე იწარმოებს 2015 წლის 18 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით (18:00 სთ-მდე). დაგვიანებით გამოგზავნილი ან არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები  არ  მიიღება. 
 
კონკურსი  ჩატარდება  ორ  ეტაპად:
 
კონკურსის პირველი ეტაპზე  (წერითი გამოცდა)  - დაშვებული  იქნება ყველა კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად გამოაგზავნის შესაბამის დოკუმენტებს. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს დაევალებათ კაზუსების ამოხსნა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის  სამართლიდან, განაცხადში მათ მიერ მითითებული სფეროს მიხედვით.
 
კონკურსის მეორე  ეტაპზე (გასაუბრება) - დაშვებული იქნებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს.  
როგორც წერითი, ასევე გასაუბრების ეტაპის შესახებ (თარიღი, დრო,  დაბარებული პირების ვინაობა)  დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებ გვერდზე, გამოცდის თარიღამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.  
 
აპლიკაციის ფორმის გადმოწერა შეგიძლიათ აქ
 
მიმაგრებულ ფაილში იხილეთ წერითი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები;
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ნონა ქურდოვანიძე.
 
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. #15 
 
ტელ:  2-99 50 76;   2-93 61 01