სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მარკირებასთან დაკავშირებული ხარვეზები

2012-10-01 09:27
Featured image

საიას დამკვირვებლების ცნობით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ფიქსირდება მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემა. სითხე არამდგრადია და რამდენადაც საიას დამკვირვებლებმა გადაამოწმეს, ულტრაიისფერი დასხივებით, ხშირ შემთხვევაში, მარკირების კვალი არ ჩანს.

მარკირების სითხესთან დაკავშირებით გამოიკვეთა შემდეგი ტიპის პრობლემები:

ულტრაიისფერი დასხივებით რამდენჯერმე გადამოწმების მიუხედავად, სითხის კვალი არ ფიქსირდება (საბურთალოს #91 უბანი, კრწანისის #24 უბანი);

სითხე არის უხარისხო და მხოლოდ ძლიერი შენჯღრევის შემდეგ ტოვებს კვალს (ნაძალადევი #55 უბანი; ბათუმი #8 უბანი);

სითხის კვალი არ ფიქსირდება ფრჩხილის ლაქზე (ქობულეთის #8; ნაძალადევი #41).

აღსანიშნავია, რომ მარკირების პრობლემა მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს და აუცილებელია ამ პრობლემის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა. იმ უბნებზე, სადაც ხსენებული პრობლემა დაფიქსირდა, საიას დამკვირვებლები წერენ საჩივრებს და ითხოვენ კენჭისყრის პროცესის შეჩერებას, ვიდრე სათანადო ხარისხის სითხის მიწოდება არ მოხდება კომისიისთვის.

მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადო ხარისხის მარკირების სითხის მიწოდება იმ უბნებზე, სადაც მსგავსი პრობლემა დაფიქსირდა, ხოლო  შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიას - შეაჩერონ კენჭისყრის პროცესი სათანადო ხარისხის სითხის მიწოდებამდე.