სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის მოსახლეობა მიწის ნაკვეთების საკუთრებაში მიღებას შეძლებს

2020-03-02 17:11
Featured image

საიას რამდენიმეწლიანი ადვოკატირების კამპანიის შემდგომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის მოსახლეობას მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პრობლემა მოგვარდა. წლების განმავლობაში საკუთრების უფლება ეზღუდებოდა ბოხვაურში მცხოვრებ 200-მდე ოჯახს, რადგან მიწის რეფორმის ფარგლებში მიღება-ჩაბარების აქტებით მათთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფომ დაირეგისტრირა საკუთრების უფლება და 25 წლიანი იჯარით გადასცა კერძო კომპანიას.

ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში საიას ორგანიზებით განხორციელდა სხვადასხვა  აქტივობები: ჩატარდა კრებები მოსახლეობის წარმომადგენლებთან, შედგა შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მოხდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციო დოკუმენტების შეტანის ორგანიზება, მონიტორინგი გაეწია სარეგისტრაციო წარმოებების მიმდინარეობას, შედგა წერილობითი კომუნიკაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან.

შედეგად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით ზემოთ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე განხორციელდა იჯარის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია. ამასთან, სააგენტომ განმარტა, რომ არ არის წინააღმდეგი განხორციელდეს მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება მოქალაქეებთან დაფიქსირებული ზედდების ნაწილში, იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი პროცედურებით დადგინდება მიწის ნაკვეთების იდენტურობა.

შესაბამისად, ზედდების პრობლემა აღმოიფხვრა და მოქალაქეებმა შეძლეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთებზე. ამ დროისათვის სარეგისტრაციო წარმოება დასრულებულია ორ მიწის ნაკვეთზე, დანარჩენ შემთხვევებში სარეგისტრაციო წარმოებები განხილვის ეტაპზეა.