სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ პირველი ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა

2012-05-31 12:17
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის ერთობლივი  პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ პირველი ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა დღეს, 2012 წ. 31 მაისს, გაიმართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა, როგორც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და დროებით მოთავსების იზოლატორების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას.

ერთობლივი პროექტი, რომელიც 2011 წლის აპრილში დაიწყო რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ერთ-ერთი მიმართულება პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაძლიერებაა. აღნიშნული მიმართულების ფარგლებში,  პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებულ მონიტორინგში საიას სამი წარმომადგენელი  მონაწილეობდა. მონიტორინგის სპეციალურ ფოკუსს არასათანადო მოპყრობა წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის შესწავლას.

შეხვედრა შეეხო პრევენციის ეროვნული მექანიზმის ზაფხულისა და ზამთრის მონიტორინგების შედეგად გამოკვეთილ პრობლემატურ საკითხებს, როგორიცაა:  არასათანადო მოპყრობის ფაქტები პენიტენციური სისტემის რიგ დაწესებულებებში; არაეფექტური გამოძიება; დეტალური სტატისტიკური ინფორმაციისადმი არახელმისაწვდომობა.

მიუხედავად იმისა, რომ მონიტორინგის სპეციალურ ფოკუსს არასათანადო მოპყრობა წარმოადგენდა, ჯგუფმა ასევე შეისწავლა ისეთი საკითხები, რომლებიც უშუალო კავშირში შეიძლება აღმოჩნდეს არასათანადო მოპყრობასთან. ესენია: პატიმრობის პირობები, დისციპლინა და დასჯა, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირების მდგომარეობა, დაწესებულების პერსონალი, პატიმართა მიღება-განთავსება, სასჯელის მოხდის დახურული რეჟიმი. 

პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაძლიერებასთან ერთად, პროექტი მიზნად ისახავს პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემების ადვოკატირებას, პატიმართა უფასო იურიდიულ დახმარებას და ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ მეორე ფაზა 2012 წლის ივნისში დაიწყება.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.