სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია 53-ე სკოლის მოსწავლე მიხეილ ალექსიძესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის რეპლიკას ეხმაურება

2012-02-29 12:01
Featured image

2012 წლის 28 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა #53 საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძე ხულიგნად მოიხსენია.

მიხეილ ალექსიძე 2011 წლის 13 ოქტომბერს 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხეს, რის საფუძვლადაც მითითებულ იქნა სკოლის შინაგანაწესის უხეში დარღვევა. თუმცა, რაში გამოიხატა ეს დარღვევა და რა მტკიცებულებებით დადასტურდა, გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2011 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება 53-ე საჯაროს სკოლის დირექტორის მიმართ განხორციელებული ხულიგნობის ფაქტზე (და არა ალექსიძის წინააღმდეგ). აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ გრძელდება.

ალექსიძის საკითხით დაინტერესდა საქართველოს სახალხო დამცველიც, რომელმაც აღნიშნულ საქმეში არაერთი დარღვევა გამოავლინა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსიძის მიმართ დარღვეული განათლების უფლების აღდგენის რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველის რეკომენდაციას რეაგირება არ მოჰყოლია.

მიხეილ ალექსიძის გარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

ხულიგნობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო პირის დამნაშავედ ცნობის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სასამართლოს. პირი დამნაშავედ ითვლება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფცია და უხეშად შეილახა არასრულწლოვნის უფლებები.

იმ დროს, როდესაც მიხეილ ალექსიძის მიმართ არ არსებობს არათუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, არამედ იგი ბრალდებულსაც კი არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეში, ამასთან, მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავა ალექსიძის გარიცხვის შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, დაუშვებლად მიგვაჩნია მისი მოხსენიება ხულიგნად. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება არღვევს არა მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციას, არამედ ქმნის ვარაუდს, რომ მან სასამართლოში საქმის განხილვის შედეგებზეც შეიძლება მოახდინოს გავლენა.