სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიას მართავს

2011-12-10 11:31
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს ტრადიციულად, ღონისძიებათა სერიით აღნიშნავს.

ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერია რიყეზე გამართული აქციით გაიხსნა.

ასევე, საიას თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა, პრესკონფერენცია გამართა და მოკლედ მიმოიხილა 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა  დაცვის კუთხით არსებული პრობლემები.

პრესკონფერენციაზე აქცენტი გაკეთდა 2011 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გამოკვეთილ შემდეგ პრობლემებზე:

•    სამართლიანი სასამართლოს უფლება - მიგვაჩნია, რომ გასული წლის განმავლობაში კვლავაც მწვავედ იდგა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საკითხი.  პრობლემური იყო სისხლის სამართლის კატეგორიისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები. სისხლის სამართლის საქმეებზე აღსანიშნავია აღმკვეთი ღონისძიებების გამოყენება, ხშირად წინასწარი პატიმრობა გამოიყენება სრულიად დაუსაბუთებლად და კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ასევე, პრობლემურია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განხილვის შემთხვევები, განსაკუთრებით ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილში. როგორც წესი, არ არის უზრუნველყოფილი დაცვის უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არის დასაბუთებული, სასამართლო ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე და არ იხილავს ან არ იზიარებს სხვა მნიშვნელოვან მტკიცებულებებს;

•    კანონის წინაშე თანასწორობა - წლის განმავლობაში ჩვენ კვლავაც გავხდით  მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან არათანაბარი მიდგომის მომსწრე. რიგ შემთხვევებში სისხლის სამართლის პოლიტიკა მეტისმეტად მკაცრია და საკმაოდ მსუბუქი დანაშაულებისთვის არაპროპორციულად მკაცრი პასუხისმგებლობა დგება. ამის პარალელურად კი, ზედმეტად მსუბუქი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ან საერთოდ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, სხვადასხვა საჯარო მოხელეებს, თანამდებობის პირებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთა ქმედებებში, რიგ შემთხვევებში, ნათლად იკვეთება დანაშაულის ნიშნები (მაგალითად 26 მაისს აქციის დაშლას მოჰყვა რამდენიმე სამართალდამცველის დისციპლინური პასუხისმგებლობა, რაც ჩვენი შეფასებით არ იყო ჩადენილი კანონდარღვევების პროპორციული, ასევე არ გასაჯაროვდა ამ პასუხისმგებლობის დაკისრების დეტალები);

•    შეკრების და მანიფესტაციის უფლება - ქართული საზოგადოება 2011 წლის განმავლობაში აღნიშნული უფლების რეალიზაციაში სამართალდამცავთა უკანონო ჩარევის მომსწრე რამდენჯერმე გახდა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მშვიდობიანი შეკრება/მანიფესტაცია პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან უკანონოდ დაიშალა, მათ შორის გამოყენებულ იქნა უხეში ფიზიკური ძალა, რომლის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა (მაგალითად, 2011 წლის 3 იანვრის ინციდენტი, როდესაც პოლიციამ დაშალა ომის ვეტერანების მშვიდობიანი აქცია). განსაკუთრებით პრობლემური იყო სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება, რისი თვალსაჩინო მაგალითიც არის 26 მაისის აქციის დაშლა, რომლის დროსაც პოლიციამ გამოიყენა აშკარად გადამეტებული ძალა, რის შედეგადაც ასეულობით აქციის მონაწილე დაშავდა. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ასეთი კანონდარღვევის ფაქტებს არ მოყვება სათანადო რეაგირება და დამრღვევ პირებს არ ეკისრება ადეკვატური პასუხისმგებლობა, რაც იწვევს დაუსჯელობის სინდრომის გამძაფრებას. შეკრების და  მანიფესტაციის დაშლის პროცესში ადგილი ჰქონდა ასევე ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას;

•    არასათანადო მოპყრობის აკრძალვა - უკანასკნელი წლის განმავლობაში წამების და არაადამიანური ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის თაობაზე იმატა საიას ბენეფიციართა რაოდენობამ. განსაკუთრებულად პრობლემურია ჯანმრთელობის დაცვის საკითხები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ასეთი დანაშაულის შემთხვევებს, როგორც წესი, არ მოჰყვება ადეკვატური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან ანუ დამნაშავეთა დასჯა;

•    საკუთრების უფლება - ამ უფლების რეალიზაციის კუთხით განსხვავებული სახის პრობლემები ფიქსირდება სხვადასხვა რეგიონებში. რიგ შემთხვევებში, მასიურად ჰქონდა ადგილი საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ხოლო მოგვიანებით ამ რეგისტრაციის უკანონოდ გაუქმებას; ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევა ხდებოდა არაადეკვატური ანაზღაურების სანაცვლოდ; ასევე იყო შემთხვევები, როდესაც სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ ხდებოდა საკუთრების რეგისტრაციაზე უარის თქმა;

•    შრომის უფლება  - საქართველოს შრომის კოდექსი თითქმის არავითარ გარანტიებს არ ითვალისწინებს დასაქმებულთა ინტერესების და უფლებების დასაცავად. შესაბამისად, ხშირად ვაწყდებით შრომის უფლების დარღვევას. ასევე, პროფკავშირების ინფორმაციით წლის განმავლობაში იზღუდებოდა პროფესიულ კავშირებში გაერთიანების თავისუფლება;

•    დევნილთა უფლებები - წლის განმავლობაში რამდენიმე სერიად განხორციელდა დევნილთა კანონის დარღვევით ან/და დაუსაბუთებლად  გამოსახლება, შეწყდა კომპენსაციების გაცემისა და სტატუსის მინიჭების პროცესი. აღნიშნულმა გადაწყვეტილებებმა მრავალი ადამიანი დატოვა ადეკვატური საცხოვრებლის, ანაზღაურებისა და დაცვის გარეშე.

 


ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ ფაილში: