სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფით დასკვნას ფემიციდის კანონპროექტთან დაკავშირებით

2016-06-09 18:39
Featured image

2016 წლის 6 ივნისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილებოდა კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის მიზანია კოდექსში ფემიციდის ცალკე მუხლად გამოყოფა, მისი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარება და ამ გზით გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების პრევენცია.

საგულისხმოა, რომ ამ დრომდე საქართველოს კანონმდებლობა ფემიციდს, როგორც ცალკე მდგომ დანაშაულს, ან როგორც დამამძიმებელ გარემოებას, არ იცნობს. შესაბამისად, ქალთა სიცოცხლის მოსპობის   ყველა შემთხვევის გამოძიება  და დასჯა ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ზოგად ჩარჩოზე დაყრდნობით ხორციელდება.

საია-ს მიერ ჩატარებული კვლევა, ცხადყოფს, რომ არსებული კანონმდებლობა და ფემიციდის გამოძიებისა და დასჯის მიმართ სახელმწიფოს მიდგომა  პრობლემურია ფემიციდის დანაშაულის იდენტიფიცირების, მოტივის გამოკვეთის, კვალიფიკაციის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების განსაზღვრისა და დამნაშავისათვის სასჯელის შეფარდების დროს. პრაქტიკაში ფიქსირდება ფემიციდის უფრო მსუბუქ დანაშაულად კვალიფიცირებისა (მაგ. როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია - სსკ 117.8 მუხლი)  და, ზოგ შემთხვევაში, დამნაშავისათვის დაუსაბუთებლად ლმობიერი სასჯელის შეფარდების მაგალითები. ასევე, ზოგ შემთხვევაში ფემიციდის საქმეებზე დადებულ საპროცესო შეთანხმებებში გათვალისწინებული სასჯელის შეუსაბამოა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და ვერ პასუხობს მსხვერპლის ოჯახის მოლოდინსა და ქალთა მიმართ დანაშაულებზე სამართლიანი მართლმსაჯულების მიზნებს.

პრობლემის აქტუალურობას ასევე ხაზს უსვამს გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2014 წლის შემაჯამებელი დასკვნა, რომელიც ხელისუფლებას ქალთა გახშირებული მკვლელობებისა და ძალადობის შემცირების მიზნით ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.[1]

მიუხედავად აღნიშნულისა, სამწუხაროა, რომ კომიტეტის სხდომაზე ინიციატივასთან დაკავშირებული მსჯელობა სექსისტური და მიზოგინიური განცხადებების ფონზე წარიმართა. დეპუტატებისა და დამსწრე საზოგადოების ნაწილი არ ერიდებოდა ქალის დაქვემდებარებული როლის, როგორც მისი ბუნებრივი მდგომარეობის ხაზგასმას, არ მიაჩნდა ქალთა მკვლელობების სტატისტიკა საკმარისად შემაშფოთებლად და, ხშირ შემთხვევაში, სრულებით უარყოფდა ფემიციდის, როგორც გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობის - არსებობასაც კი საქართველოში.  ღრმად დამკვიდრებული სექსისტური კულტურის გამოვლინება იყო მოსაზრებები, რომ „მამაკაცს მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ხოლო ქალს მეტი მორჩილება მართებს;’’ ორაზროვანი და თითქოს მსხვერპლის განსჯისკენ მიმართული განცხადება, რომ „ქალები ძირითადად კვდებიან ღალატისა და ეჭვიანობის გამო;’’ რომ „ზოგადად ტერმინი გენდერი და აღნიშნული ინიციატივა მიმართულია ოჯახის ინსტიტუტისა და მასში ქალისა და მამაკაცის როლის დაკნინებისკენ,’’ რომ „კანონპროექტის მიზანი საზოგადოების გენდერიზაციაა’’ და სხვა.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ფემიციდი არის გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაული - ქალის მკვლელობა იმის გამო, რომ იგი ქალია. აღნიშნულში, როგორც საიას კვლევამ ცხადყო, იგულისხმება, რომ ქალის მკვლელობას განაპირობებს ქალის, როგორც დაქვემდებარებული სუბიექტის აღქმა და მისი დამორჩილების სურვილი, მისთვის გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შეზღუდვა და გენდერული როლის (საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებები ქალის როლთან და ქცევასთან მიმართებით) მიმართ მკაცრი მორჩილების მოთხოვნა. როცა ქალი ვერ/არ დააკმაყოფილებს მამაკაცების მიერ დომინირებული, პატრიარქალური კულტურის  მიერ მისთვის დადგენილი ქცევის სტანდარტებს, იგი სიკვდილითაც კი შეიძლება დაისაჯოს. დანაშულის ჩადენას გენდერი განაპირობებს, რადგან რომ არა პირის სქესი/გენდერი, აშკარაა, რომ ქალი ამგვარი დანაშაულის მსხვერპლი არ გახდებოდა. ფემიციდის სისხლის სამართლის კოდექსში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად შეტანა სწორედ ამ ფენომენის აღიარებასა და პრევენციას ემსახურება.

აღნიშნულის ფონზე, განსაკუთრებით საშიში პრეცედენტია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ კანონპროექტისათვის უარყოფითი  დასკვნის მიცემა. შემაშფოთებელია, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებს სწორედ ის კომიტეტი, რომლის მიზანს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა და ამ მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა წარმოადგენს.

მიგვაჩნია, რომ ქალთა დაქვემდებარებისა და ჩაგვრის აღმოსაფხვრელად, რაც ფემიციდის გამომწვევი ძირეული მიზეზია, კანონებს უნდა ჰქონდეს ტრანსფორმაციული პოტენციალი - ისინი სათანადო სიმწვავით უნდა ასახავდეს მსხვერპლ ქალთა გამოცდილებას და ახდენდეს, დამნაშავისთვის სათანადო სასჯელის განსაზღვრით, მსხვერპლის ოჯახისთვის სამართლიანობის აღდგენას. მიგვაჩნია, რომ ფემიციდის საქართველოს კანონმდებლობაში აღიარება იქნება დანაშულის პრევენციისთვის, ქალთა დისკრიმინაციასთან, უთანასწორობასა და ძალაუფლების არათანაბარ გადანაწილებასთან ბრძოლისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, საქართველოს პარლამენტმა სრულყოფილად გაიაზროს წარმოდგენილი ინიციატივის მნიშვნელობა და პრობლემის სიმწვავე. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას, იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე დაფუძნებული მიდგომით. 


[1]http://tbinternet.ohchr.org/_layouts/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CEDAW%2fC%2fGEO%2fCO%2f4-5&Lang=en