სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ეხმაურება პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტსა და მის განხილვასთან დაკავშირებულ პროცესებს

2011-11-18 08:51
Featured image

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის 83-მა დეპუტატმა ინიცირება გაუკეთა პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტს.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონსტიტუციის ნაწილობრივი გადასინჯვის მიზნით, სავალდებულოა შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელიც პარლამენტის მიერ პროექტის განხილვამდე ერთი თვის განმავლობაში შეისწავლის მასთან დაკავშირებულ მასალებს.

11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა კომისია 28 წევრის შემადგენლობით. საია აღნიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრია, თუმცა, ამის შესახებ ჩვენთვის მხოლოდ დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში მსგავს კომისიებში მონაწილეობის საკითხი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან წინასწარ იქნება შეთანხმებული.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

1.    საია კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის პოზიციას და უარყოფით შეფასებას აძლევს შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. პროექტის შესაბამისად, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-დან 190 დეპუტატამდე იზრდება, რაც წინააღმდეგობაში მოდის 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმის შედეგებთან, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირებას. "რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, "რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით".

2.    ვინაიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩართულ იქნა კომისიის შემადგენლობაში, ვაპირებთ წერილობით წარვუდგინოთ კომისიას და მის წევრებს ორგანიზაციის ოფიციალური პოზიცია და შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტები საკონსტიტუციო ცვლილებების კანონიერებისა და სამართლიანობის შესახებ იმ მოლოდინით, რომ ნათელი და საჯარო პასუხი გაეცემა ჩვენს არგუმენტაციას საკონსტიტუციო ცვლილებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით;

3.    საია აპირებს გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა საზოგადოების რაც შეიძლება ფართო მასები იყვნენ ინფორმირებულნი ორგანიზაციის სამართლებრივი პოზიციის შესახებ. ხსენებულის ეფექტიანად განსახორციელებლად, საია თხოვნით მიმართავს კომისიას, დროულად გახდეს ცნობილი სამომავლო სამუშაო შეხვედრების გრაფიკი. სამწუხაროდ, კონსტიტუციის უკანასკნელი ცვლილებების განხილვის დროს ორგანიზაციას არ ეძლეოდა შესაძლებლობა, აქტიურად ჩართულიყო კომისიის მუშაობაში. იმედს გამოვთქვამთ, ამჯერად სრულფასოვნად შევძლებთ პროექტის განხილვის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობას.