სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ეხმაურება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შემყვანია

2023-08-10 14:05
Featured image

2023 წლის 27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, გოგა რაზმაძის საქმეზე იმ დასაბუთებით, რომ მისი განცხადება არ შეიცავდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განხილვას დაქვემდებარებული დანაშაულის ნიშნებს და განცხადება გამოძიების დაწყების თაობაზე გადაუგზავნა იმავე უწყების უფროსს, რომლის მოადგილის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებაზეც ითხოვდა გამოძიების დაწყებას გოგა რაზმაძე. ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი წერილში უთითებდა იმას, რომ გოგა რაზმაძემ არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება გამოძიების დაწყებამდე. რეალურად, გამოძიების დაწყებამდე „გასაუბრებას“ არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, უკანონო „საგამოძიებო მოქმედებაში“ მონაწილეობაზე უარი, არასწორად იქნა აღქმული თანამშრომლობაზე უარად.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის წერილის პასუხად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გაჟღერდა, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, გოგა რაზმაძე მზად იყო გამოძიებისთვის მიეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია. ამავდროულად, 2023 წლის 4 აგვისტოს, გოგა რაზმაძემ განცხადებით მიმართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს - კოკა კაციტაძეს და მოითხოვა, მათ შორის, მის განცხადებასთან დაკავშირებით გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება და მის განცხადებაში მითითებულ, შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების ეფექტიანი გამოძიება. ასევე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორს და მოითხოვა გამოძიების დაწყება გოგა რაზმაძის საქმეზე. ამ განცხადებაშიც აღნიშნულია გოგა რაზმაძის მზაობა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

გოგა რაზმაძის 2023 წლის 4 აგვისტოს, კოკა კაციტაძისთვის გაგზავნილი წერილის საპასუხოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის Facebook გვერდზე განთავსდა განცხადება, სადაც გაჟღერებულია მოწოდება, რომ გოგა რაზმაძემ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. აღნიშნული განცხადება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვინაიდან, გამოძიება არ დაწყებულა. შესაბამისად, ბუნებრივია, გოგა რაზმაძე ვერ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რომელიც არ არის დაწყებული.

ამასთან, თუკი სპეციალური საგამოძიებო სამსახური რეალურად მოწოდებულია გოგა რაზმაძის ინტერესების დაცვისკენ, მას აქვს ყველა შესაძლებლობა, გააკეთოს ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმებით, კერძოდ,

დაიწყოს გამოძიება ნაცვლად იმისა, რომ ითხოვს საკანონმდებლო დონეზე არარსებულ „გასაუბრებაში მონაწილეობას“. კიდევ ერთხელ, გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ გოგა რაზმაძეს არასოდეს განუცხადებია უარი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. იგი მზადაა, გამოძიების დაწყების შემთხვევაში, მას მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია.