სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მიესალმება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რუსეთისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერებას

2022-04-09 11:46
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) გენერალური ასამბლეის მიერ რუსეთისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერებას. უკრაინის ომის დროს რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სასტიკი ომის, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისა და ადამიანის უფლებათა ფართომასშტაბიანი დარღვევების ფონზე, რუსეთის ფედერაციას არ უნდა ჰქონდეს ადგილი ადამიანის უფლებათა საბჭოში.

ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიმდინარე წლის 7 აპრილს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერებას.[1] გენერალურმა ასამბლეამ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მიერ ბუჩაში ჩადენილი ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მიიღო.[2] აღსანიშნავია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას.[3]

რა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (UNHRC)?

ადამიანის უფლებათა საბჭო (UNHRC) არის გაეროს სისტემაში შემავალი სამთავრობათაშორისო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის გაძლიერებაზე.[4] საბჭო ატარებს შეხვედრებს მთელი წლის განმავლობაში, რომელიც უზრუნველყოფს მრავალმხრივ ფორუმს ადამიანის უფლებათა დარღვევების განხილვის მიზნით.[5] ის ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.[6] საბჭოს შეუძლია განიხილოს ადამიანის უფლებების ყველა თემატური საკითხი და გარემოება, რომელიც მის ყურადღებას მოითხოვს მთელი წლის განმავლობაში.[7]

საბჭო შედგება 47 წევრისაგან, რომლებსაც ყოველწლიურად ირჩევს გენერალური ასამბლეა ეტაპობრივი სამი წლის ვადით.[8] წევრები შეირჩევიან სამართლიანი გეოგრაფიული როტაციის საფუძველზე გაეროს რეგიონული დაჯგუფების სისტემის გამოყენებით.[9] 2021-2023 წლების ვადით, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან საბჭოში ადგილს იკავებდა რუსეთი, აგრეთვე უკრაინა.[10]

რას ნიშნავს გენერალური ასამბლეის ეს გადაწყვეტილება?

ადამიანის უფლებათა საბჭოში უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, რუსეთი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვაზე. გაეროს  გადაწყვეტილება მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ამით ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ გაამყარა ადამიანის უფლებათა სისტემის ლეგიტიმურობა, ვიანიდან არ მისცა უფლება სასტიკი და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენ სახელმწიფოს დაეკავებინა ადგილი ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარ ორგანოში. ამ ნაბიჯით გაერომ მხარი დაუჭირა უკრაინას და აგრეთვე, მორიგი პრეცენდენტი შექმნა იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც პატივს არ სცემენ ადამიანის უფლებებს და სხვადასხვა ხერხებით თავს ესხმიან უდანაშაულო სამოქალაქო მოსახლეობას.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ 4 მარტს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის დროს დარღვევებს გამოიძიებს.[11]ამ საკითხზე გამოძიება დაწყებულია ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებით.[12] აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა საქართველოში 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის დაკავების განჩინების გამოცემა 3 პირის წინააღმდეგ მოითხოვა, სადაც ის პარალელს ავლებს უკრაინაში მიმდინარე სიტუაციასთან, და, განმარტავს, რომ აკრძალული ქმედებების არსებობა, ასევე, ნათლად იკვეთება უკრაინის სიტუაციაშიც.

ამდენად, იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა საბჭომ, და ნებისმიერმა საერთაშორისო აქტორმა, თავისი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, გარდა პოლიტიკური გზავნილისა, მნიშვნელოვანია, როგორც დამოუკიდებელმა კომისიამ, ასევე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, ქმედითი ნაბიჯები გადადგას ეფექტიანი გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების დასჯის მიმართულებით.

 


[1] „UN General Assembly votes to suspend Russia from the Human Rights Council“, website of UN news, 07.04.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3xdxxxT განახლებულია: 08.04.2022.

[2] იქვე.

[3] იქვე.

[4] About HRC, website of the United Nations Human rights Council, ხხელმისაწვდომია: https://bit.ly/3uZXkHm განახლებულია: 08.04.2022

[5] იქვე.

[6] იქვე.

[7] იქვე.

[8] იქვე.

[9] Membership of the Human Rights Council for the 16th cycle, 1 January - 31 December 2022, Website of the United Nations Human rights Council, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3xix3H3 განახლებულია: 08.04.2022.

[10] იქვე.

[11] UN Human Rights Council, Resolution on the Situation of human rights in Ukraine stemming from the Russian aggression, 04.03.2022,A/HRC/RES/49/, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3xl8ZTA, განახლებულია: 08.04.2022.    

[12] „Statement of ICC Prosecutor, Karim A.A. Khan QC, on the Situation in Ukraine: Receipt of Referrals from 39 States Parties and the Opening of an Investigation“, website of International Criminal Court, 02.03.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3DTC89S,  განახლებულია: 08.04.2022.