სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მოუწოდებს პარლამენტს გააუმჯობესოს კანონპროექტი კონკურენციის შესახებ

2011-12-01 09:19
Featured image

საქართველოს მთავრობა კონკურენციის სფეროს რეფირმირებას გეგმავს. ამ მიზნით შემუშავებულ ახალ კანოპროექტს საქართველოს პარლამენტი განიხილავს. გუშინ, 29 ნოემბერს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს სამართლებრივი დასკვნა გადაუგზავნა. უფრო ადრე, 1 ნოემბერს საიას მოსაზრებები წერილობითი სახით მიეწოდა საქართველოს მთავრობას. ასოციაციის შენიშვნები შეეხება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და საჩივრების განხილვის წესს.

კანონშემოქმედების მოცემულ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი ამოცანაა კონკურენციის ახალი ნორმების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის მყარი გარანტიების შექმნა. ერთის მხრივ, აღნიშნული ინსტიტუტი თავისუფალი უნდა იყოს სახელმწიფო გავლენებისაგან, ვინაიდან ის სახელმწიფო დახმარებებსაც უწევს ზედამხედველობას, ხოლო, მეორეს მხრივ, მიუკერძოებელი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტების მიმართაც.

კანონპროექტით, სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აღნიშნული ჩანაწერი სააგენტოს თავმჯდომარის საქმიანობას არასტაბილურად აქცევს. მისი ბედის მინდობა მთავრობის ხელმძღვანელისთვის მით უფრო სარისკოა, რამდენადაც სააგენტო სწავლობს მთავრობის მიერ გაცემული სახელმწიფო დახმარებების კანონიერებასაც. ამ ვითარებაში, უმჯობესია რეპრესიის ყველანაირი საშუალების მოცილება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. მიგვაჩნია, რომ სააგენტოს თავმჯდომარისათვის ხელშეუხებლობის მეტი გარანტია უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამ მიზნით, უპრიანია კანონმა გაითვალისწინოს პარლამენტის როლი სააგენტოს თავმჯდომარის დანიშვნაში და განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ვადა.

კანონპროექტი უგულებელყოფს სააგენტოს, როგორც კოლეგიური ორგანოს ბუნებას, რაც უარყოფითად უნდა შეფასდეს. ამ ნაწილში კანონპროექტი კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველ სტრატეგიაში ჩამოყალიბებულ ზოგად ხედვებს აცდენილია. სტრატეგიის მიხედვით, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს, თუმცა, კანონპროექტით მსგავსი შემადგენლობა საერთოდ არ არის გათვალისწინებული და არ გვხვდება რაიმე სახის მითითება კომისიასა და კომისიონერებზე.

რაც შეეხება სააგენტოს საქმიანობას, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით, სააგენტო საქმის მოკვლევას იწყებს მხოლოდ განცხადების ან საჩივრის არსებობისას. მას არა აქვს უფლება საკუთარი ინიციატივით, მაგალითად, მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს მოკვლევა. აღნიშნული უნდა მივიჩნიოთ სააგენტოს ინსტიტუციონალურ სისუსტედ. პრობლემურია საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის საფუძვლები. კანონპროექტის თანახმად, საქმეზე მოკვლევა არ დაიწყება, თუ წარმოდგენილი საჩივარი ან/და განცხადება არ შეესაბამება მთავრობის მიერ სააგენტოსათვის დამტკიცებულ პრიორიტეტულ მიმართულებებს. აღნიშნული ჩანაწერი არაგონივრულად ზღუდავს მომჩივანის/განმცხადებლის უფლებებს. დასაბუთებული საჩივარი არ შეიძლება დარჩეს წარმოების პროცედურებს მიღმა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საჩივარში დაყენებული საკითხები მთავრობის შეხედულებით პრიორიტეტული არ არის. საჩივრების პრიორიტეტების საფუძველზე გაფილტვრა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სააგენტოს დამოუკიდებლობის საკითხსაც, ვინაიდან მის მიერ დარღვევებზე რეაგირების შესაძლებლობას და ფარგლებს განსაზღვრავს არა თვითონ, არამედ მთავრობა  პრიორიტეტების დამტკიცების გზით.

კანონპროექტით დადგენილია საფასურის გადახდის ვალდებულება განცხადებისა და საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. ამავდროულად, საფასურის გადახდის სანაცვლოდ სააგენტო განმცხადებელს/მომჩივანს რაიმე საბოლოო სახის მომსახურებას (მაგ. უფლების რეგისტრაცია, ამონაწერის მომზადება და სხვა) არ უწევს. უდავოა, რომ საფასურის დაწესება დააბრკოლებს იმ განმცხადებლებს, რომელთაც მართალია არ მიადგათ უშუალო ზიანი, თუმცა, განცხადების გზით, საინტერესო ინფორმაციას აწვდიან სააგენტოს. ასეთი ვითარება დააზიანებს თავად სააგენტოს ეფექტურობას. კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს მიერ საჩივრისა და განცხადების განხილვის ვადა მეტისმეტად ხანგრძლივია, რაც ასევე უარყოფითად უნდა იქნეს შეფასებული.

კონკურენციის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მყოფ სახელმწიფო დახმარებებთან დაკავშირებით სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილებას წარმოადგენს რეკომენდაცია. ეკონომიკურ აგენტებს შორის დავისაგან განსხვავებით, სააგენტო ამ შემთხვევაში აღარ მიმართავს სასამართლოს შემდგომი ქმედებების გასატარებლად. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო დახმარებებთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებულ რეკომენდაციას არა აქვს შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი ძალა. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ქმედუუნაროს ხდის სააგენტოს სახელმწიფო დახმარებებთან მიმართებაში. ამავდროულად, კანოპროექტი იმასაც კი არ უზრუნველყოფს, რომ სააგენტოს მიეწოდოს ინფორმაცია რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობის შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს პარლამენტს, უზრუნველყოს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტის ჩამოყალიბება, ასევე, შექმნას პირობები მისი საქმიანობის ეფექტურობისათვის.