სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მტკიცებულების დაუშვებლობის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2014-03-05 06:38
Featured image
საიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა და მოითხოვა  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც დაუშვებლად აცხადებს მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, ხოლო სხვა კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს დასაშვებად მიიჩნევს.
 
„ოპერატიულ-სამძებრო საქმინობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი სატელეფონო მიყურადების საკითხს ეხება. ფარული მიყურადებით ინფორმაციის მოსაპოვებლად, აუცილებელია სასამართლოს ბრძანება ან გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება. თუკი ფარული ჩანაწერი მოპოვებულ იქნა სასამართლოს ბრძანების გარეშე, ისე, რომ არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება, ბრალდებულის წინააღმდეგ ფარული მიყურადებით მოპოვებული მტკიცებულება დასაშვებად იქნება მიჩნეული. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ფარული მიყურადება განხორციელდა ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის და არა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით.
 
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ აქვს. კონსტიტუცია საუბრობს ნებისმიერი კანონის, და არა მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევაზე. 
საიას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილი მტკიცებულების დაუშვებლობის წესი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტს და საკონსტიტუციო სასამართლომ ის ძალადაკარგულად უნდა გამოაცხადოს.