სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია პოლიციის მიერ ადამიანის შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ჩატარების უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2011-05-09 08:30
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოქალაქე დავით შუბლაძის სახელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საია საკონსტიტუციო სასამართლოსაგან ითხოვს “პოლიციის შესახებ” კანონის მე-91 (შეჩერება და ზედაპირული შემოწმება) მუხლის ძალადაკარგულად ცნობას მისი კონსტიტუციის მე-18 (თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-20 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) მუხლებთან წინააღმდეგობის გამო.

2010 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა ”პოლიციის შესახებ” კანონს დაამატა მე-91 მუხლი. აღნიშნული ნორმა პოლიციის თანამშრომელს უფლებას ანიჭებს დანაშაულის ჩადენის თაობაზე გონივრული ეჭვის საფუძველზე გააჩეროს ადამიანი, ჩაუტაროს მას ზედაპირული შემოწმება თუ პოლიციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წარმოიშობა გონივრული ეჭვი.

“პოლიციის შესახებ” კანონში აღნიშნული დამატების შეტანასთან დაკავშირებით საიამ პარლამენტს გადაუგზავნა შენიშვნები. საია აღნიშნავდა, რომ წარმოდგენილი ცვლილებით ზედაპირული შემოწმება არ იყო ადამიანის შეჩერების თანმდევი აუცილებელი შედეგი. პოლიციელს ეძლევა ადამიანის გაჩერების შესაძლებლობა, ისე, რომ არ ჩაუტაროს მას ზედაპირული შემოწმება. ამ შემთხვევაში კანონი იმდენად ბუნდოვანია, რომ არ იძლევა იმ მიზნის წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობას, თუ რატომ აჩერებს პოლიციელი ადამიანს.


გარდა ამისა, კანონში არ ჩანს ის, თუ რას ნიშნავს გონივრული ეჭვი, რით განსხვავდება ეს უკანასკნელი დასაბუთებული ვარაუდისაგან, რაც სისხლის საპროცესო კოდექსით ადამიანის დაკავების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. პოლიციელს არ ევალება განუმარტოს პირს, თუ კონკრეტულად რომელი დანაშაულის ჩადენის გამო მოხდა მისი შეჩერება. კანონიდან არ ჩანს ის, თუ როგორ ტარდება ზედაპირული შემოწმება და რით განსხვავდება ეს უკანასკნელი ჩხრეკისაგან. რაც მთავარია, არ ხდება შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების დოკუმენტირება, რაც შეუძლებელს ხდის სასამართლოში პოლიციის მიერ ჩადენილი უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედებების მტკიცების შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შედის დავით შუბლაძის სახელით. 2011 წლის 4 აპრილს დაახლოებით 23 საათზე დავით შუბლაძე სამართალდამცავებმა გააჩერეს სამართალდამცავებმა, შეუმოწმეს საფულე და მასთან არსებული სხვა ნივთები. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს. მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა დავით შუბლაძის შეჩერების და ზედაპირული შემოწმების ფაქტის დოკუმეტირება. არსებული ნორმების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, პოლიციას არ გაუცნია გაჩერებული პირისათვის მისი ვინაობა. ასეთ პირობებში პოლიციის ქმედების სასამართლოში გასაჩივრება ყოველგვარ აზრს მოკლებული იყო, ვინაიდან ისიც კი არ იყო ცნობილი თუ რომელი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო სარჩელი შეტანილი. ასევე შუძლებელი იყო თავად შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ფაქტის სასამართლოში მტკიცება.