სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საკონსტიტუციო სასამართლოში „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებულ კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას ასაჩივრებს

2023-08-08 11:35
Featured image

2023 წლის 3 აგვისტოს, საიამ ოზურგეთის საკრებულოს წევრის, თათია ნიკოლაშვილის სახელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. 2022 წლის 13 მაისს, თათია ნიკოლაშვილი იმყოფებოდა ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე პარკის ტერიტორიაზე და გეგმავდა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე დასწრებას, რა დროსაც სამმა პოლიციელმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს იგი პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან. ოზურგეთის რაიონულმა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა თათია ნიკოლაშვილი ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

ოზურგეთის რაიონულმა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა თავიანთ დადგენილებებში მიუთითეს, არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ თათია ნიკოლაშვილი გეგმავდა პრემიერ-მინისტრთან გასამართი შეხვედრის ჩაშლას, ამასთან, თათია ნიკოლაშვილი რისკის წინაშე აყენებდა პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოებას, რის გამოც მიიღო პოლიციამ მისი ტერიტორიიდან გაყვანის გადაწყვეტილება. სასამართლოების თქმით, პოლიციელებმა მოუწოდეს თათია ნიკოლაშვილს პარკის ტერიტორიის დატოვება, რასაც თათია ნიკოლაშვილი არ დაემორჩილა და ამის საფუძველზე დააკავეს იგი ადმინისტრაციული წესით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პოლიციელის მოთხოვნა მოცემულ შემთხვევაში იყო კანონიერი. სასამართლოები უთითებენ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ „პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად”. ოზურგეთის რაიონულ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს არ დაუკონკრეტებიათ, რა რეალურ საფრთხეს უქმნიდა თათია ნიკოლაშვილი ოზურგეთში მყოფ პრემიერ-მინისტრს და რა ხერხის გამოყენებით ცდილობდა სამთავრობო ღონისძიების ჩაშლას.

საიას მოსაზრებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც პოლიციას აძლევს უფლებას, მოქალაქეს მოსთხოვოს კონკრეტული ტერიტორიის დატოვება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ მიმოსვლის თავისუფლებას. პოლიციას ამ უფლებამოსილების განხორციელება უნდა შეეძლოს მხოლოდ მაშინ, თუ მას აქვს სანდო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა კონკრეტული დანაშაულს ჩაიდენს ადამიანი კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში, რა კონკრეტული საშუალებების გამოყენებით იძალადებს ან ჩაშლის ამა თუ იმ ღონისძიებას. ასევე, უნდა შეფასდეს რამდენად რეალური და მყისიერია ის საფრთხე,

რაც იმ პირისაგან მომდინარეობს და რამდენად გააჩნია ამ პირს წარსულში ძალადობრივი ქმედებების ჩადენის გამოცდილება.

გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პოლიციას შეუძლია მოსთხოვოს მოქალაქეს კონკრეტული ტერიტორიის დატოვება ყოველგვარი დასაბუთებისა და ფაქტობრივი წინაპირობების გამოკვლევის გარეშე.

ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.