სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მკვლევართა დაშვების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2022-06-22 11:46
Featured image

საიამ ეკატერინე კიკნაძის სახელით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. გასაჩივრებული ნორმა[1]განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის მკვლევართა დაშვების წესს. კერძოდ, ეროვნული მუზეუმის სამუზეუმო ფონდებში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის დაინტერესებულ პირთა დაშვება შესაძლებელია მუზეუმის დირექტორატის გადაწყვეტილებით, რომელიც უნდა ეცნობოს სამინისტროს. 

სადავო ნორმა ეროვნული მუზეუმის დირექტორატს ანიჭებს მკვლევართა მუზეუმში დაშვების  გადაწყვეტის უფლებამოსილებას, თუმცა არ განსაზღვრავს რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. მსგავსი სახელმძღვანელო კრიტერიუმები არ არის განსაზღვრული არც სხვა საკანონმდებლო აქტებით. საიას პოზიციით, ასეთ შემთხვევაში დირექტორატის უფლებამოსილება არის შეუზღუდავი, რაც წარმოშობს მისი მკვლევრების საწინააღმდეგოდ ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საია ითხოვს გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლითაც დაცულია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება.

 

ამ საქმეს საია ,,ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,კულტურის სფეროში დასაქმებულების სამართლებრივი მხარდაჭერა“ - ფარგლებში აწარმოებს. 

 

 


[1]  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი: „მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს“.