სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრების საქმეზე ეფექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს

2012-05-07 13:35
Featured image

 

საია შეშფოთებას გამოთქვამს უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში #18 პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ორი პატიმრის - ზურაბ დელიანიძისა და თენგიზ ბელქანიას გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით და ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

2012 წლის 3 მაისს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია #18 პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ზ. დელიანიძის, ხოლო 2012 წლის 4 მაისს იმავე დაწესებულებაში თ. ბელქანიას  გარდაცვალების შესახებ.

საია მიიჩნევს, რომ პატიმართა გარდაცვალების მიზეზის შესახებ უკვე გაჟღერებული სხვადასხვა ვერსიების მიუხედავად, აუცილებელია თითოეულ  ფაქტზე ჩატარდეს ეფექტური გამოძიება, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების მიერ.

საია მიესალმება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მიერ 2012 წლის 4 მაისს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით ზ. დელიანიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მთავარ პროკურატურას გადაეცა და იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად, ეფექტურად და გამჭვირვალედ წარიმართება. ამასთან, საია მიუთითებს სამინისტროს 2012 წლის 3 მაისის ოფიციალურ განცხადებაზე, რომ ზ. დელიანიძის საქმეზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი  და მოუწოდებს გამოძიების მწარმოებელ ორგანოებს საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ.

 

საია ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიების ობიექტურობის, ეფექტურობის და გამჭვირვალობის პრინციპის დასაცავად აუცილებელია გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე  ზ. დელიანიძისა და თ. ბელქანიას გარდაცვალების ოფიციალური მიზეზები უცნობია (ექსპერტიზის პასუხების არ არსებობის გამო), სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ორივე გარდაცვლილ პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, ზ. დელიანის გადაყვანა 2011 წლის 7 მარტს #18 სამკურნალო დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით იყო გამოწვეული. თ. ბელქანიას ადვოკატის განცხადებით კი, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ბელქანია სამკურნალო დაწესებულების რეანიმაციულ-ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

საია შეახსენებს საგამოძიებო ორგანოებს, რომ პატიმრებისათვის არაადეკვატური და არადროული მკურნალობის აღმოჩენა არასათანადო მოპყრობას უტოლდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა.

შესაბამისად, გამოძიების მიმდინარეობისას გარდაცვლილთა წამების ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხების გამოკვლევასთან ერთად, დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი რამდენად დროული და სათანადო მკურნალობა უტარდებოდათ გარდაცვლილ ზ. დელიანიძესა და თ. ბელქანიას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

საია-ს მიერ 2012 წლის 20 აპრილს სასჯელის მოხდის გადავადება-გათავისუფლების საკითხებში სასამართლოსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს ემატება თ. ბელქანიას საქმეც.

საია  კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს სასჯელის მოხდა, გადავადება-გათავისუფლების საკითხებში სასამართლოსა და  ერთობლივი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ამ კუთხით, როგორც საერთო სასამართლოების ასევე, ერთობლივი კომისიის მუშაობა სრულიად არაეფექტურია.

თ. ბელქანიას ადვოკატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, სასამართლომ ჩათვალა, რომ ბელქანია სასჯელისმოხდისუნარიანი იყო. ადვოკატის განცხადებით, მან ჯერ კიდევ შვიდი თვის წინ მიმართა ერთობლივ კომისიას ბელქანიასათვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით,თუმცა, მის მიმართვაზე კომისიას პასუხი ჯერ არ გაუცია, თ. ბელქანია კი 2012 წლის 4 მაისს გარდაიცვალა.

საია-ს მიაჩნია, რომ სასჯელის მოხდა, გადავადება-გათავისუფლების საკითხებში სასამართლოსა და ერთობლივი კომისიის მუშაობის პრაქტიკა გადასახედია და მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფაქტია, რომ როგორც სასამართლოს, ასევე ერთობლივი კომისიის მუშაობა ამ კუთხით აზრს მოკლებულია.

საია კიდევ ერთხელ  შეახსენებს შესაბამის ორგანოებს, რომ ვინაიდან წინამდებარე განცხადებაში აღნიშნულ პირთა გარდაცვალება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა, მტკიცების ტვირთი, რომ ლეტალური შედეგი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა, სახელმწიფოს ეკისრება.