სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია შსს-ს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პრობლემურ ასპექტებზე საუბრობს

2016-03-11 12:25
Featured image

2016 წლის 07 მარტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა „საგზაო მოძრაობის შესახებ“საქართველოს კანონსა და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში ინიცირებული ცვლილებები. საკანონმდებლო პაკეტის ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. საქმე ეხება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ე.წ. უკონტაქტო პატრულირების დანერგვას, რაც პრაქტიკაში სათანადო გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე, პოლიციის სარგებლობაში არსებული ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარი ამოსაცნობი ნიშნების არ მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარი) და ვიდეოტექნიკის დამონტაჟებას/განთავსებას გულისხმობს.  მიუხედავად, არსებული მოლოდინისა, რომ საპარლამენტო განხილვებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დასკვნის გათვალისწინებით, განხორციელდებოდა შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტის არსებითი დახვეწა, აღნიშნული ამ დრომდე არ მომხდარა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, საზოგადოებისა და საკანონმდებლო ორგანოს ყურადღების გამახვილებას იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც საია-ს მოსაზრებით დამახასიათებელია შსს-ს ავტორობით მომზადებული ინიციატივისათვის.

უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ პირადი ცხოვრების უფლება ფართო და მრავალმხრივი შინაარსის მატარებელია. იგი, თავის თავში მოიცავს არამხოლოდ კერძო, არამედ საჯარო სივრცესაც. მიუხედავად იმისა, რომ  პრივატული სივრცისგან განსხვავებით, საჯარო სივრცეში გაცილებით ნაკლებია კონფიდენციალურობის დაცვის მოლოდინი, აღნიშნული არ გულისხმობს უფლებით დაცული სფეროს სრულად უგულვებელყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Case of Peck v. The United Kingdom ((2003) Application no. 44647/98. §58) აღნიშნა - პირადი ცხოვრების დაცული სფერო წარმოიშვება, თუკი საზოგადოებრივ სივრცეში მომხდარი მოვლენების აღბეჭვდა ხორციელდება სისტემური და მუდმივი ჩანაწერების წარმოების გზით. აღნიშნული ადასტურებს, რომ პირადი ცხოვრება პირის თანმდევია, არ არის დამოკიდებული კონკრეტულ ადგილზე და მისი არეალი განვცრობადია, როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ გარემოზე.

პირადი ცხოვრების უფლებით დაცული სეგმენტის სამართლებრივი ბუნებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია მისი დაცვის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტი, რაც გულისხმობს დაცულ სფეროში ჩარევას, მხოლოდ მოსამართლის ბრძანების ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე.[1] სამართლებრივი დაცვის გარანტიები, განსაკუთრებით მყარია ჩარევის არახილვად მეთოდებთან მიმართებით. ვინაიდან, მათი ფარული ხასიათიდან გამომდინარე მეტია უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების რისკი.[2]

კანონპროექტით გათვალისწინებული უკონტაქტო პატრულირება, თავისი შინაარსით წარმოადგენს პირადი ცხოვრების დაცულ სფეროში ფარული ხასიათის ჩარევას, რა დროსაც ინდივიდისათვის უცნობია თუ კონკრეტულად დროის რომელ მონაკვეთში, რა ვითარებასა და გარემოებაში განხორციელდება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან მისი ფოტო/ვიდეო ვიზუალიზაცია. საგულისხმოა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როგორიც დანაშაულის გამოძიება, სისხლისამართლებრივი დევნა და მართლმსაჯულების განხორციელებაა შესაძლებლად მიიჩნევს პირად ცხოვრებაში ჩარევას, ფარული საგამოძიებო მოქმედებების გზით. თუმცა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რიგი გარანტიები უზრუნველყოფს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ერთგვარ პრევენციას. აღნიშნულის პარალელურად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღსაკვეთად, შინაარსობრივად მსგავსი ღონისძიების შემოტანა, რომელიც იწვევს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას, სასამართლო კონტროლის გვერდის ავლით, ყოველგვარ ლოგიკურ დასაბუთებასაა მოკლებული. შემოთავაზებული რეგულირება და თანმდევი განმარტებითი ბარათი ვერ უზრუნველყოფს, დამატებითი უფლებამოსილების გამოყენების რეალური აუცილებლობის დასაბუთებას და აჩენს კითხვას, ხომ არ არის შესაძლებელი იმავე მიზნის მიღწევა სახელმწიფო ორგანოების ნაკლებად შემზღუდველი მექანიზმებითაც.

ამავდროულად, საკანონმდებლო პაკეტი წინააღმდეგობაშია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის როგორც ზოგად პრინციპებთან, ასევე ვიდეო თვალთვალის განხორციელების კონკრეტულ წესებთან. განსაკუთრებით, საგულისხმოა ისეთი შემთხვევები, როდესაც ფოტო/ვიდეო ფირზე დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების დაფიქსირება ხდება. ასეთ დროს წარმოიქმნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოპოვებული მასალის შემდგომი - განსხვავებული მიზნით გამოყენების შესაძლებლობა. აღნიშნული კი მონაცემთა კანონით გათვალისწინებული პრინციპების დარღვევით დამუშვებას გულისხმობს.

გარდა ამისა, გარკვეული ბუნდოვანება იქმნება, მსგავსი ფოტო/ვიდეო მასალის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვასთან მიმართებითაც. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ერთმნიშნვნელოვნად განმარტავს, რომ საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს პირად ცხოვრებას ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო განჩინებით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მასალა კანონით დადგენილი წესით უკვე მოპოვებულია სამართალდამცავი უწყებების მხრიდან (საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით), ისმის კითხვა, კონკრეტულად რომელი საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შედეგად მოხდება აღნიშნული ფოტო/ვიდეო ფირის მტკიცებულების სახით მოპოვება და როგორ იქნება უზრუნველყოფილი მსგავს შემთხვევებზე მხარის შუამდგომლობით სასამართლო განჩინების მოპოვების ვალდებულების შესრულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ კანონპროექტის შემოთავაზებული ვერსია წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან და დაუშვებელია მისი ამ სახით მიღება. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მიერ დაყენებული საკითხები მხედველობაში იქნება მიღებული როგორც კანონპროექტის ავტორის, ასევე საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან და უზრუნველყოფილი იქნება დამატებითი კონსულტაციების გამართვა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხზე საერთო კონსენსუსის უზრუნველსაყოფად.


[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის #2/1/484 გადაწყვეტილება II.პ.17;

[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება, II.პ.9.;