სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

2011-11-30 10:29
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, დღეს დილიდან, „მაესტროს“ დამფუძნებლებსა და ტელეკომპანიის მმართველი კომპანიის დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილს შორის მომხდარი უთანხმოების გამო, ტელეკომპანიის ეთერი გაითიშა. იქ მომუშავე ჟურნალისტებს არ ეძლეოდათ შენობაში შესვლის და თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება. 
მოგვიანებით, ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა და თანამშრომელთა ნაწილმა შენობაში შეღწევა მოახერხეს. ამ დროისთვის "მაესტრო" პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს, თუმცა, არხის დამფუძნებელთა ინფორმაციით, კვლავ არსებობს ეთერიდან „მაესტროს“ გათიშვის საფრთხე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ თითოეული მოქალაქის უფლება, მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თავად მედიასაშუალების მიერ. საია მოუწოდებს “სტუდია მაესტროს” დამფუძნებლებსა და მმართველ კომპანიას მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ მოვალეობებს და მათ შორის არსებული  დაპირისპირება გადაწყვიტონ სამართლებრივი გზით, რათა არ მოხდეს გამოხატვის თავისუფლების უკანონოდ ხელშეშლა.

მიგვაჩნია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, ტელეკომპანიას დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს სამაუწყებლო საქმიანობის სრულად განხორციელების  შესაძლებლობა.

საია იმედს იტოვებს, რომ შესაბამისი უწყებები მყისიერ რეაგირებას მოახდენენ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი“ მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს აღნიშნული პრობლემის სამართლებრივი გადაწყვეტის პროცესში.