სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია უარყოფითად აფასებს სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების წესის რეგლამენტით დარეგულირების საკითხს

2012-07-05 08:16
Featured image

საია ეხმაურება პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ,,მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და ამ უკანასკნელს მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის დასუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, კანონიდან ხდება მე-12 მუხლის 22, მე-4 და მე-7 პუნქტების ამოღება. აღნიშნული ნორმები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მთავრობის სხდომაზე საკითხის განსახილველად შეტანის, მთავრობის წევრების მიერ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, სხდომაზე გატანილ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობა.  კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მთავრობა უფლებამოსილია იმსჯელოს განსახილველ საკითხზე, თუ სხდომას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს განსაზღვრავს არა საკანონმდებლო აქტი, არამედ რეგლამენტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა. ამგვარად, აღნიშნული ცვლილებით პარლამენტს ერთმევა უფლება, დაარეგულიროს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და მას მთავრობა და პრემიერ-მინისტრი პარლამენტისაგან დამოუკიდებლად განსაზღვრავენ.

საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას მთავრობის კონტროლი წარმოადგენს. პარლამენტის მიერ მთავრობაზე ეფექტური კონტროლი არის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ბალანსის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პირობა და საპარლამენტო დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი. იმ პირობებში, როდესაც მოქმედი, კონსტიტუცია ისედაც მცირედ მოიცავს მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს, ღნიშნული ცვლილებით კიდევ უფრო კნინდება პარლამენტის როლი მთავრობისათვის გადაწყვეტილების მიღების წესების დადგენის გზით გააკონტროლოს მისი საქმიანობა.

ამასთან ერთად, ცვლილებები აჩენს კითხვებს მისი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის კუთხით. კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის წესი განისაზღვრება კონსტიტუციით და კანონით. მთავრობის სხდომა, რაც მიზნად ისახავს განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებას, წარმოადგენს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმას (თუ ერთადერთი საქმიანობის ფორმას არა), ამიტომ აღნიშნული სხდომის ჩატარების წესის განსაზღვრა არა პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, არამედ მთავრობის რეგლამენტით, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციურ ნორმას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საია მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება გამოიწვევს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის შესუსტებას. შესაბამისად,   მოუწოდებს პარლამენტს, თავი შეიკავოს, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესთან დაავშირებით იმგავარი საკანონმდებლო რეგულირების დაწესებისგან, რაც ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის მიერ საკონტროლო ფუნქციების სათანადო განხორციელებას.