სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია უერთდება პრესის ასოციაციის განცხადებას და დღევანდელ აქციას ქ. თბილისის მერიის მიერ პრესის გავრცელების პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით

2011-11-29 07:17
Featured image

საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას პოზიტიური ვალდებულება აკისრია, მისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმ პირდაპირი თუ ირიბი ფაქტორების აღმოფხვრაში, რომელთა არსებობა ხელს შეუშლის თავისუფალი სიტყვის გავრცელებას.

საია იზიარებს პრესის ასოციაციის შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ სავაჭრო ჯიხურების განთავსებაზე აუქციონის იმ ფორმით ჩატარება, როგორც ეს განახორციელა ქალაქ თბილისის მერიამ თავისუფალი კონკურენციის ფარგლებში, სხვა არაფერია თუ არა ჟურნალ-გაზეთების გავრცელების ირიბი ფორმით შეზღუდვა. დაუშვებელია, კვების პროდუქტებისა და ჟურნალ-გაზეთების გაყიდვის მიზნით, სავაჭრო  ჯიხურებზე ნებართვის გაცემა ხდებოდეს სრულიად იდენტური პირობებით და ერთმანეთისაგან გაუმიჯნავად.

პრესის ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უარყოფითად აისახა ჟურნალ-გაზეთების ტირაჟზე და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ისედაც მძიმე მდგომარეობაში არსებულ ბეჭდურ მედიას.

საია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დამდგარი შედეგიდან გამომდინარე, პრესის გავრცელებისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების უზრუნველსაყოფად, მერიის მხრიდან ადეკვატურ რეაგირებასა და ქმედითი ღონისძიებების გატარებას.