სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2022-10-27 10:13
Featured image

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა უკანო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. გასაჩივრებული ნორის მიხედვით (სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი), არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. საერთო სასამართლოების, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მიერ გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ოდენობის შეფასებისას მოსამართლეები მხედველობაში იღებენ მხოლოდ ადმინისტრაციული დაკავების ვადას. საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ საერთო სასამართლოები კომპენსაციის ოდენობის გამოთვლისას ხელმძღვანელობენ პრინციპით, რომლის მიხედვითაც კომპენსაციას გააჩნია სიმბოლური ხასიათი. ამისგან განსხვავებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, უკანონო თავისუფლების აღკვეთის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლება არ უნდა იყოს ილუზორული, არამედ მან დაზარალებულს უნდა მისცეს უფლებების ეფექტიანი აღდგენის მექანიზმი.

საიას პოზიციით, უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო დაკავების ვადასთან ერთად მხედველობაში უნდა იღებდეს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანის უკანონო დაკავებისას კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის სიმძიმე, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელის მიერ თავისი ვალდებულების დარღვევის სიმძიმე და ბრალეულობის ხარისხი, მორალური და ფსიქოლოგიური ზიანის სიმძიმე და სხვა. აღნიშნულის გათვალისწინებით საია-ს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის თავისუფლებისა (კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მეორე წინადადება) და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ზიანის ანაზღაურების (კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი) უფლებასთან.

 

ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.