სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ვალერიან თელიას თანამდებობრივ პასუხისმგებლობას ითხოვს

2013-03-28 06:26
Featured image

საია ეხმაურება დღეს ბათუმში მომხდარ ინციდენტს და აღშფოთებას გამოთქვამს აჭარის შს სამმართველოს უფროსის, ვალერიან თელიას ქმედების გამო, რომელიც საიას თანამშრომლების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მისი ნებისმიერი თანამშრომელი მოქალაქეთა ღირსებისა და უფლებების უპირველესი დამცველი უნდა იყოს. სწორედ ამ მიზნების მისაღწევადაა შექმნილი აღნიშნული უწყება. პოლიციის მაღალჩინოსნის ზემოაღნიშნული ქმედება წინააღმდეგობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და მის მაღალ პასუხისმგებლობასთან. ამ ვითარებაში, სრულიად მიუღებელი და აღმაშფოთებელია აჭარის შს სამმართველოს უფროსის მიერ მოქალაქეებისათვის, ამ შემთხვევაში კი, საიას თანამშრომლებისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნულს თან ახლდა ვალერიან თელიას მიერ საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის ხაზგასმა და საკუთარი ძალაუფლების მოქალაქეების საწინააღმდეგოდ გამოყენების მუქარა, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა მის თანამდებობრივ ვალდებულებებთან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსანს არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი და კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები.

 
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსმა  ვალერიან თელიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელს სიტყვიერი, ერთ მათგანს კი, ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, ,,ჯიპის" მარკის ავტომანქანაში მყოფმა ვალერიან თელიამ გზაზე ავტომანქანით მიმავალ საიას თანამშრომლებს გზის არდათმობის მოტივით უხეშად მიმართა, შეახსენა საკუთარი თანამდებობა, დაემუქრა და მათი მისამართით სიგარეტის ნამწვი ისროლა. მანვე სცადა როინ ფარტენაძის მანქანაში იძულებით ჩასმა, რა დროსაც შემოახია ტანსაცმელი.
 
აქვე საია ეხმაურება ამ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-ს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საიას თანამშრომელი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. ვფიქრობთ, ეს საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული ფაქტები დადასტურდა, ეს, ცხადია, ვერ გაამართლებს პოლიციის მაღალჩინოსნის უკანონო ქმედებას. სამწუხაროა, რომ შსს-ს განცხადებაში ერთი სიტყვითაც არ არის მოხსენიებული ვალერიან თელიას ქმედება, რაც, ალბათ სადავო არ არის, რომ უფრო მძიმე დარღვევაა (და სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს), ვიდრე შსს-ს განცხადებაში მითითებული ფაქტები. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, შესაძლებელია აღნიშნული ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალის მოპოვება. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ საპატრულო პოლიცია გამოიძახა საიას თანამშრომელმა და არა ვალერიან თელიამ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შსს-ს ვ.თელიას მიზანს არც წარმოადგენდა სამართლებრივი რეაგირების მოხდენა რაიმე სახის ავტოსაგზაო დარღვევაზე.
 
საიას მიაჩნია, რომ დღევანდელი ინციდენტი საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, საია მოითხოვს, გამოძიება ჩატარდეს დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტურად, ამასთან, ვალერიან თელიას მიმართ უნდა დადგეს შესაბამისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.