სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მრგვალი მაგიდა გამართა

2011-12-14 10:32
Featured image

2011 წლის 14 დეკემბერს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე საიამ წარმოადგინა მოსაზრებები ადმინისტრაციული პატიმრობის  ძირითად საკანონმდებლო და პრაქტიკულ პრობლემებზე.
აქცენტი გაკეთდა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც სანქციის გამოყენება არღვევს ადამიანის ძირითადი უფლებების დიდ ნაწილს. ასევე მისი შეფარდება ხდება აუცილებელი პროცესუალური გარანტიების გვერდის ავლით.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაში მონაწილე პირებმა გაიზიარეს საიას პოზიცია და მოსაზრებები ადმინისტრაციული პატიმრობის ხარვეზებთან დაკავშირებით. ასევე სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზაობა არსებულ პრობლემატიკაზე მსჯელობის გაგრძელებისა და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისკენ.

საია მუშაობას აგრძელებს ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის ირგვლივ და გეგმავს აქტიური კამპანიის წარმოებას ამ მიმართულებით არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემების აღმოსაფხვრელად.