სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ „საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვები წესის გარეშე“ კვლევის პრეზენტაცია გამართა

2015-12-22 15:59
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის 22 დეკემბერს საზოგადოებას წარუდგინა კვლევა - „საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვები წესის გარეშე“. კვლევამ შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები გამოკვეთა:

- 2010-2015 წლებში საქართველოში არსებული შვიდი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, ეროვნული უშიშროების საბჭო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო), საერთო ჯამში, 747,407,518 ლარის ღირებულების 2752 საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა;

- ამასთან, საქართველოს დღემდე არ გააჩნია სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის მარეგულირებელი დოკუმენტი, რომლის არარსებობის პირობებში, უაღრესად მაღალია კორუფციული შინაარსის შემცველი გარიგებების გაფორმების შესაძლებლობა, რასაც, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა 2010-2015 წლებში;

- 2010-2015 წლებში გაფორმებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ის ნაწილი, რომელიც ამავე პერიოდში განსაიდუმლოვდა, მოწმობს, რომ წლების განმავლობაში, რეგულაციების არარსებობის პირობებში, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის სტატუსი პრაქტიკულად ყველა სახის შესყიდვაზე ვრცელდებოდა. ხოლო, განსაიდუმლოებული ხელშეკრულებების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულ კითხვებს ტოვებს კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვების, საიდუმლოდ შესყიდვის მიზანშეწონილობის და შემსრულებელი კომპანიების შერჩევის კუთხით;

- 2010-2015 წლებში გაფორმებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ის ნაწილი, რომელიც ამავე პერიოდში განსაიდუმლოვდა, ნათლად მიუთითებს, რომ, რიგ შემთხვევებში, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმებისას, ადგილი ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებას, რაც აღნიშნული კანონის მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს;

- 2010-2015 წლებში გაფორმებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ნაწილი, რომელიც ამავე პერიოდში განსაიდუმლოვდა, ადასტურებს, რომ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმების დროს ადგილი ჰქონდა, .. „ხელშეკრულების მესამე მხარისსტატუსით, გაურკვეველი ფუნქციის მქონე კომპანიების მონაწილეობას, რაც, შესაძლოა, სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებდეს;

ამასთან, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შვიდი ადმინისტრაციული ორგანოს მაგალითზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა საიდუმლო სახელმწიფო ხელშეკრულებების სტატუსით გაფორმებული ხელშეკრულებების როგორც რაოდენობა, ასევე ამ გარიგებების სახელშეკრულებო ღირებულება. თუმცა, მარეგულირებელი დოკუმენტების არარსებობის პირობებში, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება როგორც გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების საიდუმლოების მიზანშეწონილობის, ასევე, შემსრულებელი კომპანიების შერჩევის და შესაძლო კორუფციული გარიგებების არსებობის საკითხი.

კვლევის შედეგების გათვალისწინებით, საიას მნიშვნევლოვნად მიაჩნია, რომ:

- საქართველოს მთავრობამ დროულად უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის მარეგულირებელი დადგენილების მიღება და პრაქტიკაში დანერგვა;

- ზემოთ აღნიშნული დადგენილების შემუშავებისა და მიღების დროს, საქართველოს მთავრობამ, გონივრულ ფარგლებში, უზრუნველყოს შესაბამისი დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობა და პროცესის ღიაობა;

- შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცებამდე, მინიმუმამდე დაიყვანონ იმ ტიპის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლებიც საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების ფორმით ხორციელდება.