სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

2011-12-03 09:40
Featured image

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სურს ყურადღება გაამახვილოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომაროებასთან დაკავშირებით.

საია ამოდის რა, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო დოკუმენტებით აღიარებული, ადამიანის პატივისა და ღირსების ფუნდამენტური უფლებისა და ადამიანის, როგორც თავისთავადი ღირებულების არსიდან, ხაზს უსვამს რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სხვებთან თანასწორ პირობებში, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, უნდა სარგებლობდნენ ძირითადი უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვით.

აქვე, საია ასევე აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საქართველოში, დღემდე რჩებიან ერთ–ერთ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფად. მათი უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები მრავალგანზომილებიანია და გამოიხატება, როგორც ყოველდღიურ სოციალურ ბარიერებში, ისე სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი არასათანადო ძალისხმევის შედეგად წამოჭრილ არაერთ წინააღმდეგობაში, რაც საბოლოო ჯამში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული ცხოვრების დამკვიდრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესების შეფერხებაში გამოიხატება.

არსებული სიძნელეების დაძლევის მიზნით, საია მოუწოდებს სახელმწიფოს ერთის მხრივ განახორციელოს მის მიერ, შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში, საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უკვე ნაკისრი ვალდებულებები და მეორეს მხრივ, მოახდინოს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმის, როგორც მატერიალურად ისე ინსტრუმენტულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტების რატიფიცირება. საია ასევე ხაზს უსვამს სახელმწიფოს განსაკუთრებულ როლს, საზოგადოების და, პირველ რიგში, საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და მოუწოდებს ეფექტური ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა მოხდეს, საზოგადოებაში არსებული, შეზღუდულ შესაძლებლობაზე დაფუძნებული სტერეოტიპებისა და ცრურწმენების რღვევა.

საია გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უზრუნველყოს სამართლებრივი დახმარებით.