სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის

2014-06-15 10:24
Featured image

დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ დარღვევებს:

ცესკოს ინფორმაციით, ღამის 2-დან 3 საათამდე ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს საარჩევნო ბიულეტენები მარტვილის მე-16 უბანზე. ცესკოს ინფორმაციით აღნიშნულ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება. 

აღნიშნულის გარდა დაფიქსირდა პრობლემები ძირითადად წილისყრის პროცედურებთან და საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით. ასევე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნა, დამკვირვებლის არშეშვება, საჩივრის დარეგისტრირებაზე უარის თქმა და სხვა.

საიამ დააფიქსირა პროცედურული დარღვევები:

უბანზე დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებული პრობლემები

მთაწმინდის #22 უბანზე  07:30-ზე არ უშვებდნენ დამკვირვებელს იმ მიზეზით, რომ უბანზე დაგვიანებით გამოცხადდა. დამკვირვებლებს არ უშვებდნენ ბათუმის #1 უბანზეც წილისყრის პროცედურების დროს. საიას დამკვირვებლების ჩარევის შედეგად ორივე უბანზე დარღვევა აღმოიფხვრა.

წილისყრის პროცედურების დარღვევები

ისნის #9 უბანზე გადასატანი ყუთის წამღებ კომისიის წევრების გამოვლენა არასწორად მოხდა. წილისყრის გამოვლენილმა პარტიის მიერ დანიშნულმა  ორივე წევრმა უარი თქვა გადასატან ყუთს გაყოლოდა. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ თვითნებურად გამოავლინა გადასატანი ყუთის წამღები პირი. 

ისნის N66 უბანზე კომისიის წევრებმა არ ჩაატარეს წილისყრა და თვითნებურად გადაინაწილეს კომისიის წევრის ფუნქციები.  მთაწმინდის #22 უბაზე მოხდა წილისყრის პროცედურის არასათანადოდ ჩატარება.  საიას დამკვირვებლის ჩარევის შედეგად დარღვევა აღმოიფხვრა. 

ზუგდიდის #76 უბანზე დაირღვა წილისყრის პროცედურები და თვითნებურად გადაანაწილეს კომისიის წევრებმა. აღნიშნულ ფაქტზე საიას დამკვირვებლის შენიშვნა არ იქნა გათვალისწინებული და საჩივარიც არ დარეგისტრირდა. 

ვაკის #19 უბანზე არ ჩატარდა წილისყრა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს შორის საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დამკვირვებლების გამოსავლენად. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები შეთანხმდნენ სურვილისამებრ.  საიას დამკვირვებლების მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა უბანზე

დაფიქსირდა არაუფლებამოსილთა პირთა ყოფნა უბანზე. ასპინძის 1 უბანზე „ახალი თაობა-ახალი ინიციატივის“ დამკვირვებლად მონაწილეობდა  „ნინო ბურჯანაზე-ერთიანი ოპოზიცია“ გამგებლობის კანდიდატი გელა ლეკიშვილი. საიას შენიშვნის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიამ მოახდინა რეაგირება და მას დაატოვებინა უბანი. საიამ შეატყობინა ცესკოს და ამ პირს გააუქმდა დამკვირვებლად რეგისტრაცია.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებად დარეგისტრირებული არიან თავად კანდიდატები. ოზურგეთის 23-ე და 53-ე უბნებზე დამოუკიდებელი კანდიდატები საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად იყვნენ დარეგისტრირებულია. ასპინძაში მსგავსი პრობლემა ბევრ უბანზე დაფიქსირდა. 

საკონტროლო ფურცლების შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები

ნაძალადევში #18 უბანზე უბნებზე საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა პრობლემა. საკონტროლო ფურცლის შევსებისას დაავიწყდათ პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა და ხელმოწერის გარეშე იქნა ყუთში ჩაგდებული.

საარჩევნო სიებთან  და საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები

რუსთავის #32 უბანზე ამომრჩევლის სიის საჯარო ვერსია არ იყო  გამოკრული უბანზე. საიას დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი 

საიას დაუკავშირდა მოქალაქე ირაკლი ნადარეიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ  მის საცხოვრებელ მისამართზე, თბილისში, თენგიზ აბულაძის ქუჩაზე, მიწერილია უცხო პიროვნება. მოქალაქის განცხადებით, აღნიშნული გარემოება მის მიერ გასულ არჩევნებზე არ დაფიქსირებულა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამომრჩეველთა სიაში ირაკლი ნადარეიშვილის საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრირებული უცხო მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში დარეგისტრირებულია 2012 წლის ნოემბერში.  

ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 9 საჩივარი და 11 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საია თბილისისა და 10 რეგიონის 40 საარჩევნო ოლქში 500 - მდე დამკვირვებლით აკვირდება. 

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 400 საარჩევნო უბანში. 40 ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებში, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით როგორც მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. 

ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11

არჩევნების დღეს მუშაობს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 

ცხელი ხაზის ნომერია 230-61- 63  

ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039. 

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ სამ ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 23).

მომდევნო ბრიფინგები გაიმართება: 14:00 საათზე; 18:00 საათსა და 21:00 საათზე, ხოლო 16 ივნისს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და ბრიფინგს გამართავს 12:00 საათზე.

საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID)-ის დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.