სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას შენიშვნები ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის დებულების პროექტზე

2011-11-25 16:47
Featured image

2011 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს ორგანულ კანონში ”საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი კომისია. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც კომისიის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აუცილებელია ისეთი საკითხების მოწესრიგება, როგორიცაა აღნიშნული კომისიის მანდატისა და საქმიანობის წესის მკაფიოდ განსაზღვრა, კომისიის დანახარჯების დეტალურად დადგენა და კომისიის ხელთ არსებული ფინანსების მონიტორინგისა და მისი საქმიანობის შეფასებისათვის გარკვეული მექანიზმების შემუშავება.

საია გაეცნო რა დებულების პროექტს, მიაჩნია, რომ აღნიშნული დებულების პროექტი ზოგადი ხასიათისაა და მთელ რიგ შემთხვევებში ცალკეული დებულებების დახვეწასა და მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებს, მაგალითად ისეთი საკითხები, როგორიცაა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფისათვის გამოყენებული საშუალებები; კომისიის შემადგენლობა; კომისიის ხელმძღვანელი პირების არჩევის წესი; კომისიის წევრის უფლებები; კომისიის ფინანსები და ქონება. ამასთან, არსებობს გარკვეული საკითხებიც, რომლის რეგულირებას აღნიშნული დებულება სამწუხაროდ არ გვთავაზობს: კომისიის უფლებამოსილება და მისი განხორციელების წესი; კომისიის საქმიანობის ვადა; კომისიის სხდომების საჯაროობა და გადაწყვეტილების მიღების და მისი გასაჩივრების წესი.

შენიშვნები დებულების პროექტთან დაკავშირებით საიამ სიების დაზუსტების კომისიაშიც წარადგინა.