სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას თელავის ოფისი მოსახლეობის უფლებების დასაცავად

2006-09-24 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისს  განცხადებებით მომართა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ სააქციო საზოგადოება "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" უხეშად არღვევდა მათ უფლებებს.

ამის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს. საიამ მოითხოვა სააქციო საზოგადოება "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიერ  მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა და  განხილვა.  აღნიშნულ განცხადებას შეუერთდა თელავის რაიონში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაცია.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქმის დეტალები შეისწავლა, ორი ძირითადი დარღვევა აღმოაჩინა:

  • ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით "კახეთის ენერგოდისტრიბუციამ" დააწესა გადასახდელი ტარიფები მომსახურეობისა და აბონენტად აყვანისათვის. კერძოდ, ინდივიდუალური მრიცხველის დამონტაჟებისათვის მომხმარებლისაგან ითხოვდა 50 ლარს. მომხარებელს სთხოვდნენ, 
    ნებაყოფლობით დაეწერათ განცხადება აღნიშნული საფასურის გადახდაზე,  გადაუხდელობის შემთხვევაში კი მოქალაქეები რჩებოდნენ ელექტროენერგიის გარეშე ან უკეთეს შემთხვევაში სარგებლობდნენ საერთო მრიცხველით. 
  • მეორე უხეში დარღვევა ის გახლდათ, რომ მოქალაქეები კანონის დარღვევით იხდიდნენ ელექტრო ენერგიის საფასურს გაზრდილი ტარიფით. (13 თეთრის ნაცვლად ხშირ შემთხვევაში იხდიდნენ 17 თეთრს). სემეკის 2006 წლის 15  მაისის #18 დადგენილების თანახმად, ეს დაუშვებელია.

საიას თელავის ოფისის მიმართვის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.  ეს ჯგუფი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველთან ერთად 30 აგვისტოს სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ თელაველ მომხმარებელთა პრეტენზიებს გაეცნო.

საიას თელავის ოფისის დახმარებით, სს კახეთის ენერგოდისტრიბუციას დაევალა, მოახდინოს შესწორება და შესაბამისად დააკისროს მოსახლეობას ელექტროენერგიის მოხმარების კანონით დადგენილი ტარიფი.

რაც შეეხება ინდივიდუალური მრიცხველის დამონტაჟებისათვის მომხმარებლისაგან  50 ლარის (დღეის მდგომარეობით 72) ლარის დაკისრებას, აღნიშნულ საკითხს სემეკის სხდომაზე უახლოეს მომავალში განიხილავენ. ასევე, სემეკის სამუშაო ჯგუფის მიერ დაფიქსირებული და საიას განცხადებაში მოყვანილი ფაქტების დადასტურების საფუძველზე, კომპანიას დაევალა დარღვევების აღმოფხვრა და სემეკის დადგენილებების ფარგლებში მოქმედება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს სხვა რეგიონებშიც დააფიქსირა ელექტროენერგიის მომხმარებელთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. ჩვენი რეგიონული ოფისები ანალოგიურ რეჟიმში მუშაობენ მათი უფლებების დაცვაზე.