სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიასა და სტუდია „მონიტორის“ საჩივრის შედეგად კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „რუსთავი 2“ დააჯარიმა

2011-05-11 19:17
Featured image

"სტუდია მონიტორი" 2009-2010 წლების განმავლობაში ახორციელებდა მონიტორინგს ტელეკომპანიების "რუსთავი 2" და "იმედის" მიერ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისათვის დადგენილი წესების  დაცვაზე. მონიტორინგისას გამოვლენილი  დარღვევების  თაობაზე  ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.  კომისიის 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტელეკომპანიებს სანქციის სახით მიეცათ გაფრთხილება რეკლამის განთავსების  წესების დარღვევის გამო.

2011 წლის 7 მარტს "სტუდია მონიტორმა" განმეორებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ამჯერად მიმართვის  საფუძველი გახდა:

1.    ლიცენზიის მფლობელების მიერ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის დარღვევა, ანუ ახალი ამბების, რომელთა ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია რეკლამით შეწყვეტის შესახებ;
2.    საქართველოს კანონის "მაუწყებლობის შესახებ" 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად ახალი ამბების რეკლამის შეწყვეტა დასაშვებია არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 120 წამით;
3.    საქართველოს კანონის "მაუწყებლობის შესახებ" 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა, ანუ საბავშვო გადაცემების გაშვებისას რეკლამის წესების დარღვევა.

“სტუდია მონიტორის” ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავდა.

კომისიას დამოუკიდებლად მიმართა მოქალაქე გივი მგელაძემ, რომელმაც ასევე მიაწოდა მარეგულირებელს ინფორმაცია  აღნიშნული ტელეკომპანიების მიერ  იდენტური დარღვევების გამოვლენის თაობაზე. 2011 წლის 11 მაისის სხდომაზე ერთად იქნა განხილული მიღებული საჩივრები, კომისიამ იხელმძღვანელა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71ე და 72ე მუხლებით და  დარღვევის განმეორებით ჩადენისთვის ტელეკომპანიებს სანქციის სახით დაეკისრათ  ჯარიმა  თითოეულს 2500 ლარი.