სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით

2012-05-04 11:06
Featured image

 

2012 წლის 2 მაისს ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრთან პრეზიდენტის გამოსვლის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტთა ნაწილს, მათივე განცხადებით, პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ყოველგვარი განმარტების გარეშე აუკრძალეს შენობაში შესვლა. მიგვაჩნია, რომ ეს ფაქტი წარმოადგენს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლას.

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გმობს გაზეთ „P.S."-ის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერიძეზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, 2012 წლის 3 მაისს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართულ დახურულ შეხვედრაზე მისულს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა ძალის გამოყენებით ჩამოართვეს.

პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მიეცათ და თავისუფლად გადაადგილების უფლება შეეზღუდათ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობასთან მისულ სხვა ჟურნალისტებსაც. მათი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლების წასვლამდე ისინი დაცვას  ჰყავდა დაკავებული.

 

ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე საუბრობს  tspress.ge-ს რეპორტიორი იზა სალაყაიაც, რომელიც აღნიშნავს, რომ ფოთში პრეზიდენტის მიერ საავადმყოფოს გახსნაზე მისულს ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვეს და სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმულმა პირებმა შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ, როგორც ჟურნალისტი განმარტავს, მისთვის კამერაში არსებული მეხსიერების ბარათი და, შესაბამისად, გადაღებული მასალა ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

 

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ასევე ეხმაურება 2012 წლის 4 მაისს ზუგდიდში პროკურატურასთან ინფორმაციის გადასამოწმებლად მისული “ლაივპრესისა” და “ნეტგაზეთის” რეპორტიორებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებსაც. ჟურნალისტების განცხადებით, გადაღებული მასალების წაშლის მიზნით, მათ კამერები წაართვეს. ,,ლაივპრესის“ ჟურნალისტისთვის კი, კამერაში არსებული მეხსიერების ბარათი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დეტალურად შეისწავლონ და გამოიძიონ ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები.

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება და წარმოადგინოს მათი ინტერესები როგორც ადმინისტრაციული ორგანოების, ისე სასამართლოს წინაშე.