სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საჯარო დისკუსია საარჩევნო კოდექსის პროექტზე ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის პირველადი დასკვნის პროექტზე

2011-12-12 11:55
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს საარჩევნო კოდექსის პროექტზე ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის პირველადი დასკვნის პროექტზე საჯარო დისკუსია გამართეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედია საშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. ღონისძიება  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.

ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის პირველადი დასკვნის პროექტის განხილვის პარალელურად, შეხვედრაზე საუბარი იყო ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პროექტის ტექსტში საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ეს ცვლილებები  ვენეციის კომისიის, OSCE/ODIHR-ისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნების გათვალისწინებით მომზადდა.

ორგანიზაციების შეფასებით, ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის პირველადი დასკვნის პროექტი გარკვეულწილად ეხმიანება ყველა იმ პრობლემას, რომელიც მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის. საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში გათვალისწინებული შენიშვნები კი არასაკმარისია კონკურენტუნარიანი  საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად და დამატებით დახვეწას საჭიროებს.