სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკუთრების უფლება

2012-11-20 21:56
Featured image
საკუთრების უფლების დაცვა არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რაზეც ჩვენ უკვე წლებია, რაც აქტიურად ვმუშაობთ.  ამ უფლების დარღვევის სიხშირე და მასშტაბურობა არაერთხელ გამხდარა უფლებადამცველი ორგანიზაციების წუხილის საგანი.
 
2011 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის 30 აპრილამდე ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველოს” მხარდაჭერითა და დაფინანსებით  მიმდინარეობდა კოალიციური პროექტი „საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ანაკლიაში, მესტიასა და ქობულეთში”. პროექტის განხორციელებისას ჩვენი პარტნიორები იყვნენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, „საქართველოს რეგიონული მედია ასოციაცია” და „ასოციაცია მწვანე ალტერნატივა”.
 
პროექტის მიზანი გახლდათ საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ რეგიონებში (ანაკლია, მესტია, ქობულეთი) და კანონით, კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული საკუთრების უფლებისა და გარანტიების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა. ასევე საკუთრების ხელყოფის საფრთხეების შემცირება და მოსახლეობის საკუთრების უფლების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება.
 
პროექტის ფარგლებში მომზადდა 3 ანგარიში: 
  1. „საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა სოფელ გონიოს მაგალითზე“; ანგარიში ასახავს სოფელ გონიოში 271 მესაკუთრისათვის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებს. 
  2. „საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა დაბა მესტიის მაგალითზე“. ანგარიში ასახავს მესტიაში საკუთრების უფლების დარღვევის გავრცელებულ შემთხვევევბს;
  3. „საკუთრების დაუცველი ულება“. ამ ანგარშში აღწერილია:
  • კურორტ საირმეში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ უძრავი ქონების ჩუქების 20 ფაქტი;
  • კურორტ ბახმაროში მესაკუთრეთა მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ უძრავი ქონების მიტოვების 79 ფაქტი;
  • ანაკლიასა და გრიგოლეთში საკუთრების უფლების დარღვევის გავრცელებული შემთხვევები.
 
2007 წელს საიამ გამოსცა კვლევა „საკუთრების უფლება საქართველოში“, სადაც ასახულია საკუთრების უფლებასთან მიმართებით არსებული საერთაშორისო სტანდარტები, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და საქართველოში ამ უფლების უხეში დარღვევის არაერთი ფაქტი. საიას ცენტრალური და რეგიონული ოფისების იურიდიული დახმარების ცენტრები წლების განმავლობაში პერმანენტულად ეხმარებიან დაზარალებულ მოსახლეობას როგორც კონსულტაციების, ასევე საადვოკატო საქმიანობის კუთხით.