სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარაში უძრავი ქონების მესაკუთრეების ინტერესებს დაიცავს

2007-05-24 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი დაიცავს იმ 90 მესაკუთრის უფლებას, რომელთაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2007 წლის 4 მაისის განკარგულებით უხეშად დაურღვია მესაკუთრის უფლება.

უძრავი ქონების მესაკუთრეებს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კახაბერში, გონიოში, სარფში და მახინჯაურში საკუთრების უფლება მიწის ფართობზე სრულიად უკანონოდ ჩამოერთვა. საოქმო დადგენილებები, მიწის მიზომვის, მიზომვა-ჩაბარების და მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც შეეხებოდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას, ბათილად იქნა ცნობილი.

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად და ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო ის, რომ მიწის რეფორმა საქართველოში დაიწყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1998 წლის 18 იანვრის #48 დადგენილების საფუძველზე და უნდა დამთავრებულიყო 1999 წლის 1 იანვარს. ამ ვადის გაშვების გამო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები არარად გამოცხადდა.

ბათილად ცნობილი სამართლებრივი აქტები მოქალაქეებს სარგებელს აძლევდა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას წარმოშობდა, შესაბამისად იგი აღმჭურველ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კანონიერი ნდობა კი არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. დაზარალებულთა მხრიდან უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საიას აჭარის ფილიალი დაიცავს მომმართველთა კანონიერ ინტერესებს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ უკანონო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.