სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ლაზარე გრიგორიადისის საქმეს

2023-04-04 11:03
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საჯაროდ გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით, ეხმიანება ლაზარე გრიგორიადისის საქმეს  და მიიჩნევს, რომ  შესაძლოა იკვეთებოდეს ბრალდებულის უფლებების დარღვევის შემთხვევები, რის გამოც მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის შესაბამისად. კერძოდ, 

1. სასამართლომ საჯაროდ არ დაასაბუთა აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 29 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის  353-ე პრიმა (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი. 30 მარტს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე მას ბრალი წარუდგინა. 31 მარტს სასამართლომ ლაზარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ისე, რომ ბრალდებულის და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სხდომაზე არც კი განუმარტავს პატიმრობის გამოყენების საფუძვლები. 

2. მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა შესაძლოა ლაზარე გრიგორიადისის სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად იმოქმედოს. ეს, რიგ შემთხვევაში, ამავდროულად, არღვევს ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმპციას.

ლაზარე გრიგორიადისის დაკავებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა. მისი განცხადება იყო, არა მხოლოდ, ჰომოფობიური კონტექსტის მატარებელი, არამედ, მიზნად ისახავდა ლაზარე გრიგორიადისის შესახებ ფართო საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების ფორმირებას.  პრობლემურია, მანამდე, 12 მარტს, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ 7-8 მარტის აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც. დამატებით, 2023 წლის 3 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარე გრიგორიადისი გადაჭრით დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირდაპირ არ დაუსახელებია მისი სახელი და გვარი, ი. ღარიბაშვილის  ნათქვამი წინადადება ატარებდა საზოგადოებისთვის შეცნობად კონტექსტს, რომ საუბარია ლაზარე გრიგორიანიდისზე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმპცია. ამასთან, წინა დღით, 2023 წლის 2 აპრილს ტელეკომპანია იმედის გადაცემა „იმედის კვირაში“ წამყვანმა ლაზარე გრიგორიადისი მოიხსენია ნასამართლევად, გადაცემაში აგრეთვე გავრცელდა ლაზარეს მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალები, იმგვარად, რომ საზოგადოებაში გამოეწვია ლაზარე გრიგორიადისის პიროვნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. ხაზგასასმელია, რომ 2023 წლის 31 მარტს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოში პირველი წარდგენის საჯარო სხდომაზე, მოსამართლემ დაადასტურა, რომ ლაზარე არ არის ნასამართლევი.

შედეგად, პოლიტიკოსებისა მიერ გავრცელებული განცხადებებით, ინდივიდუალური თუ მათი კუმულაციური ეფექტით, არაერთხელ დაირღვა ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმცია, აგრეთვე, გავრცელდა მისი ნასამართლეობის შესახებ ცრუ ინფორმაცია. 

3. თვითინკრიმინაციის პრივილეგიის შესაძლო დარღვევა

2023 წლის 3 აპრილს მასმედიის საშულებით  ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლაზარე გრიგორიადისის გამოკითხვის დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მის იძულებას, გამოძიებისთვის მიეწოდებინა საკუთარი თავის მამხილებელი ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლება აბსოლუტური უფლებაა და მის საწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს პირისთვის ჩვენების ჩამორთმევის მიზნით ნებისმიერი სახის იძულება. მნიშვნელობა არ აქვს პირი ასეთ დროს თავის გამამართლებელ თუ გამამტყუნებელ ჩვენებას მისცემს საგამოძიებო ორგანოებს. ამასთან, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, ასეთი იძულება არასათანადო მოპყრობასაც გაუტოლდეს. 

4. არასათანადო მოპყრობის აკრძალვის შესაძლო დარღვევა

აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში შესახლების დროს ლაზარე გრიგორიადისს ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს თმა. ხსენებულს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომლის განცხადებაშიც ნათქვამია, რომ  ლაზარემ  ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით ([...] 2. ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, აგრეთვე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ. პენიტენციურ დაწესებულებას უფლება აქვს, მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენის დაცვის აუცილებლობა). ვინაიდან არსებობს დაცვის მხარისა და პენიტენციური დაწესებულების შეფასებებს შორის  რადიკალური სხვაობა, მნიშვნელოვანია ამ ფაქტის ობიექტური შესწავლა, მათ შორის, იმ კონტექსტში, ხომ არ მოხდა პატიმარზე ირიბი ზეწოლა. 

ამასთან კავშირში, ასევე, აღვნიშნავთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე იანკოვი ბალგარეთის წინააღმდეგ  (Yankov v. Bulgaria, 2003, 39084/97) განმარტა, რომ პირი, რომელსაც ციხეში იძულებით გადაპარსავენ თავს, განიცდის დამცირებას, ამგვარი მოპყრობა შეურაცხყოფს მის ღირსებას. თავის იძულებით გადაპარსვა ადამიანს აგრძნობინებს, რომ არასრულფასოვანია. გარდა ამისა, ადამიანს, ვისაც თავს გადაპარსავენ, უწევს გარკვეული პერიოდი ატაროს ნიშანი, რომ ის დაექვემდებარა ამგვარ დამამცირებელ მოპყრობას. ეს ნიშანი (გადაპარსული თავი) ადვილად შესამჩნევია ყველასთვის და ამიტომ ადამიანი მუდმივად განიცდის სულიერ ტკივილს. 

მიგვაჩნია, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ განვითარებული მოვლენები, მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს, ამასთან დაკავშირებით,

მოვუწოდებთ:

- ხელისუფლების წარმომადგენლებს - თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისგან და ლაზარე გრიგორიადისის ბრალდების საქმეზე არ გასცდნენ უდანაშაულობის პრეზუმციის ფარგლებს.

- სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - ეროვნული კანონმდებლობისა და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებთან სრული შესაბამისობით დაიცვას პატიმრის უფლებები. 

- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება. 

- საქართველოს სახალხო დამცველს- როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს ხშირი მონიტორინგი პატიმარ ლაზარე გრიგორიადისის უფლებრივ მდგომარეობაზე.