სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სავაჭრო ობიექტების დემონტაჟის პროცესი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული იგნორირებით და მესაკუთრეთა უფლებების უხეში დარღვევით მიმდინარეობს

2007-01-29 20:00
Featured image

30 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი თბილისში სავაჭრო ობიექტების დემონტაჟის ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ თბილისში სავაჭრო ობიექტების (ე.წ. უკანონო ნაგებობის) დემონტაჟის პროცესი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული იგნორირებით და მესაკუთრეთა უფლებების უხეში დარღვევით მიმდინარეობს.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნაგებობის უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაში თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ვალდებულია, საქმის წარმოებაში ჩართოს ნაგებობის მფლობელი და საჯაროობის პრინციპების დაცვით მიიღოს დადგენილება. ნაგებობის უკანონობის დადგენის შემთხვევაში  პასუხისმგებლობის ერთერთი ღონისძიება შეიძლება იყოს ამ ნაგებობის დემონტაჟი. კანონით მკაცრად არის განსაზღვრული, რომ დემონტაჟის შესახებ დადგენილება ნაგებობის მფლობელს უნდა გადაეცეს მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. თავის მხრივ მფლობელს/მესაკუთრეს უფლება აქვს 15 დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს ეს დადგენილება.

აღნიშნული პროცედურა უხეშად ირღვევა უკანანსკნელ პერიოდში ქალაქში განხორცილებულ ე.წ. უკანონო ნაგებობათა დემონტაჟის დროს. ნაგებობათა მესაკუთრეებს არ ბარდებათ მათ მიმართ გამოტანილი დადგენილებები და შესაბამისად წართმეული აქვთ უფლება მიმართონ სასამართლოს და დაიცვან თავინთი საკუთრების უფლება.