სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს "პატიმრობის შესახებ" საქართველოს კანონში არ განახორციელოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ცვლილება

2007-05-15 20:00
Featured image

16 მაისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი: "პატიმრობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", რომელიც ითვალისწინებს პატიმრების მიერ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისათვის სასჯელის სახით "ადმინისტრაციული პატიმრობის" შემოღებას მაქსიმუმ 90 დღემდე ვადით. ეს ვადა კანონპროექტის მიხედვით არ შედის პატიმრის სასჯელის ვადაში და "ადმინისტრაციული პატიმრობის" დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის დარღვევის ყოველი განმეორებისას, შესაძლებელი ხდება დამრღვევი პატიმარისათვის დამატებით 90 დღემდე პატიმრობის ვადის დამატება.

ზემოაღნიშნული ცვლილება როგორც ზოგადი მნიშვნელობით, ასევე კონკრეტული დებულებებით,  ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპულ კონვენციასა და მის ოქმებს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის  რეკომენდაცია (2006წ.) 2-ის დანართის დებულებებსა  და სისხლის სამართლის პროცესის ფუძემდებლურ პრინციპებს.

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა დასკვნა და წარადგინა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებში. მიუხედავად აღნიშნულისა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა წარდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცება და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ ფორმით გატანა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს "პატიმრობის შესახებ" საქართველოს კანონში არ განახორციელოს ზემოაღნიშნული ცვლილება, რადგანაც იგი უხეშად არღვევს როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობას, აგრეთვე არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით გამყარებულ პრინციპს პატიმრის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.