სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასტუმრო ,,აფხაზეთიდან" დევნილების გამოსახლებას ეხმაურება

2011-08-15 13:25
Featured image

15 აგვისტოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სასტუმრო "აფხაზეთის" ყოფილი შენობიდან დევნილების გამოსახლების პროცესი დასრულდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, აღნიშნულ ობიქტში მცხოვრები დევნილების ნაწილის მიმართ გამოსახლების კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რადგან სასტუმრო ,,აფხაზეთიდან~ გამოსახლების მომენტისათვის, მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე თანხმობა არ ჰქონდათ მიცემული.

როგორც საიამ არაერთხელ აღნიშნა წინა პერიოდში გავრცელებულ განცხადებებში, "იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონი საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან კატეგორიულად კრძალავს დევნილთა იძულებით გამოსახლებას, ვიდრე სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პოლიცია ვალდებული იყო დევნილის მოწმობის (რომელიც მართლზომიერი მფლობელობას ადასტურებს) წარდგენისთანავე, შეეწყვიტა კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები.

მიგვაჩნია, რომ სასტუმრო "აფხაზეთში" რეგისტრირებული იმ ოჯახების გამოსახლება, რომლებთანაც გამოსახლების მომენტისათვის არ ყოფილა დადებული წერილობითი შეთანხმება და არც სხვა საცხოვრებელი ფართის შეთავაზება მომხდარა (რომელიც არ გააუარესებდა მათ საყოფაცხოვრებო პირობებს), ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ პირების მიმართ ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას.

ყველა დევნილს, რომლიც იძულებით იქნა გამოსახლებული სასტუმრო "აფხაზეთიდან" და შესაბამისად, დაერღვა უფლებები, საია უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს