სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება

2012-03-15 06:22
Featured image

2012 წლის 13 მარტს  საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლების  მიერ ჩოხატაურში მოქალაქეებისგან ახსნა-განმარტების მიღებისას, საიას იურისტის მიმართ უკანონო ქმედება განხორციელდა. აღსანიშავია ის გარემოება, რომ დაცვის თანამშრომლებმა სავარაუდოდ უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით საიას წარმომადგენლები, ისევე როგორც დასაკითხი პირები შეუსაბამოდ მკაცრი კონტროლის მეთოდით გაჩხრიკეს. სამივე ადვოკატს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს. რაც ცალსახად შეურაცხმყოფელი ფორმებით ხორციელდებოდა.

საიას ადვოკატს, გია ქარცივაძეს ხელი შეეშალა უფლებამოსილების განხორციელებაში. კონტროლის პალატის წარმომადგენელმა გაგა ჩანქსელიანმა   არ მისცა დასმული კითხვების ჩაწერის  საშუალება.  ცდილობდა ადვოკატის პროვოცირებას. პროცესში საიას იურისტი ახორციელებდა ერთ-ერთი დასაკითხი პირის წარმომადგენლობას. იურისტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კითხვები დაახლოებით შემდეგი ფორმულირების იყო:

1. აქვს თუ არა თქვენს კოალიციას გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება საიასთან?

2. უხდით თუ არა საიას თანხას მომსახურებისათვის?

3. ძალიან გჭირდებათ თუ არა ადვოკატი?

4. ხომ არ დაფიქრდებოდით ადვოკატის საჭიროების აუცილებლობაზე?

5. რამდენი გაზეთი ჩამოდის? როდის? და როგორ ავრცელებთ მათ?

6. ანაზღაურებადია თუ არა გაზეთების გავრცელება?

7. განახორციელე თუ არა შეწირულობა?

8. რა ოდენობის შემოსავალი გაქვთ ოჯახში?

9. როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება?

10. სად იკრიბებით? და ვის ეკუთვნის შენობა სადაც იკრიბებით?

11. იყო თუ არა დაპირება ხელმოწერების შეგროვების სანაცვლოდ?

12. ვინ წარმოადგენს მუნიციპალიტეტში თქვენს თანამოაზრეებს (კონკრეტული სახელი გვარების მითითებით)? და ა.შ.

მიგვაჩნია, რომ საიას იურისტის გია ქარცივაძის  წინააღმდეგ საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელის - გაგა ჩანქსელიანის მიერ განხორციელდა ზეწოლა.  მომხდარი ინციდენტის გამო იურისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა ადმინისტრაციული წარმოების პროცესი.

მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს  დეტალურად შეისწავლონ და გამოიძიონ საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლების  მიერ  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების დაკითხვისას საიას იურისტის გია ქარცივაძის წინააღმდეგ  განხორციელებული უკანონო ქმედების ფაქტი.