სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ევროკავშირის კითხვარი გადაეცა: რას უნდა ველოდოთ?

2022-04-11 18:02
Featured image

2022 წლის 11 აპრილს, ლუქსემბურგში, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს, ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადასცა.[1]

საია მიესალმება ფაქტს, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. 

რა არის კითხვარი და რა როლი აქვს მას საქართველოს ევროკავშირში შესვლის გზაზე?

ევროკომისრის მიერ საქართველოსთვის კითხვარის გადაცემა ქვეყნის მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის თანმდევი პროცესია. დოკუმენტში დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხის საფუძველზე, ევროკომისია შეაფასებს ქვეყანაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას ევროკავშირის სამართალთან კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე დაყრდნობით.[2] დოკუმენტი შედგება სამი ნაწილისა (პოლიტიკური კრიტერიუმი, ეკონომიკური კრიტერიუმი, რეგიონული თანამშრომლობა) და დაახლოებით 35 თავისგან. თითოეული თავი შეეხება ევროკავშირის პოლიტიკის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, დემოკრატია და კანონის უზენაესობას, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას, ეკონომიკურ, სოციალურ საკითხებს და სხვა.  დოკუმენტში თავმოყრილია რამდენიმე ათასი კითხვა, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის მსურველმა სახელმწიფომ უნდა უპასუხოს. შევსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით, ევროკომისია შეიმუშავებს მოსაზრებას (avis), რომელსაც წარუდგენს ევროკავშირის საბჭოს. ეს უკანასკნელი გადაწყვეტს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა. 

რა არის ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები?  

ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობების, კოპენჰაგენის კრიტერიუმების თანახმად,10იმისთვის, რომ სახელმწიფო გახდეს ევროკავშირის წევრი, ის უნდა იყოს ევროპული ქვეყანა და  აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 

პოლიტიკური კრიტერიუმი - იმ ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების დაცვასა და პატივისცემას;  

ეკონომიკური კრიტერიუმი - ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა და ევროკავშირში არსებული საბაზრო ძალებისა და კონკურენციის ზეგავლენასთან გამკლავების უნარი;  

ადმინისტრაციული კრიტერიუმი - წევრობის ვალდებულებების აღების უნარი, მათ შორის, იმ წესების, სტანდარტებისა და კანონების ეფექტურად იმპლემენტირების უნარი, რომლებიც ქმნიან ევროკავშირის საერთო სამართლებრივ სივრცეს და უზრუნველყოფენ მის პოლიტიკურ, ეკონომიკური და მონეტარულ ერთიანობას.11  

მნიშვნელოვანია, რომ მოცემული კრიტერიუმების “გაზომვის” რაიმე საყოველთაო სტანდარტი არ არსებობს და მათი შეფასება ხდება წევრობის მსურველი თითოეული ქვეყნის ინდივიდუალურ შემთხვევაზე დაყრდნობით. წევრობის ზოგადი კრიტერიუმების სიღრმისეულად შემოწმების საშუალება სწორედ ევროკომისიის კითხვარია.  

როგორ გაგრძელდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი?

კითხვარის შევსება, როგორც წესი ხანგრძლივი პროცესია. სხვა ქვეყნებს, მის შესავსებად წლებიც კი დასჭირდათ. განსხვავებული რეალობის წინაშეა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულმა უპრეცედენტო, გაუმართლებელმა, სამხედრო აგრესიამ დააჩქარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოს[3] ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ევროკავშირი დაჩქარებულად განიხილავს და თითოეული ეტაპის გავლას იმაზე ნაკლები დრო დასჭირდა, ვიდრე ეს სტანდარტულადაა გაწერილი.

ამ ეტაპზე, შეცვლილი რეალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დროულად, დაინტერესებული პირების მაქსიმალური ჩართულობით დაიწყოს კითხვარის შევსების პროცესი, რათა გადაწყვეტილების მიღება დროში, ამ მიზეზით, არ გაიწელოს. 

2022 წლის 23-24 ივნისს, ევროპული საბჭოს ფორმატში, დაგეგმილია წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი.[4] დასავლური მედიის წარმომდგენლები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ შეხვედრისთვის უნდა მოამზადოს ევროკომისიამ მოსაზრება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მზაობაზე - მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.[5]

 

 

 


[1] https://newsroom.consilium.europa.eu/events/20220411-foreign-affairs-council-april-2022/134784-european-commissioner-varhelyi-meets-mfa-of-georgia-questionnaire-handover-20220411

[2]  ხელმისაწვდომია: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=LEGISSUM:accession_criteria_copenhague, განახლებულია: 08.03.2022. 

[3] საქართველო, მოლდოვა, უკრაინა

[4] https://www.consilium.europa.eu/en/meetings/calendar/?Category=meeting&Page=2&daterange=&dateFrom=2022%2F04%2F11&dateTo=

[5] https://civil.ge/archives/484323