სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და ადვოკატირება

2012-11-20 22:00
Featured image
2010 წლის დეკემბრიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია დეა, საია და „ადამიანის უფლებები და 21-ე საუკუნე“, ახორციელებს პროექტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. პროექტის ხანგრძლივობაა 15 თვე, საქმიანობები კი ხორციელდება თბილისსა და ზუგდიდში. პროექტი მიზნად ისახავს, შშმ პირთა ცხოვრების დონისა და მათი ინტეგრაციული პროცესების გაუმჯობესებას. ამ მიზნით კი სამთავრობო პოლიტიკისა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას. მოსალოდნელი შედეგები კი კონკრეტულად ასე გამოიყურება:
  1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის 2010-2012 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ განახლება და მისი ეფექტურად განხორციელება იმისათვის, რათა მოხდეს შშმ პირთა საჭიროებების ადეკვატური დაკმაყოფილება
  2. საქართველოს მიერ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის (CRPD) რატიფიცირება
  3. შშმ პირთა საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და შშმ პირთა მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება
 
პროექტის ბენეფიციარები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახები. პროექტის სამიზნე ჯგუფებს კი წარმოადგენენ: საჯარო სტრუქტურები, მათ შორის პოლიტიკოსები და შშმ პირთა პოლიტიკის განმახორციელებლები; ნაციონალური და რეგიონული მედია და საზოგადოება.
 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ძირითადი აქტივობების განხორციელება:
  • შშმ პირთა უფლებებზე არსებული საერთაშორისო კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევა
  • სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგის განხორციელება შშმ პირთა მონაწილეობით
  • ტრენინგი პარლამენტის წევრებისთვის
  • მრგვალი მაგიდა
  • სატელევიზიო კამპანიები ცნობიერების ამაღლებისთვის
  • იმიტირებული სასამართლო პროცესი შშმ პირთა უფლებების პოპულარიზაციისთვის
  • ფილმის ფესტივალი თბილისსა და ზუგდიდში
  • ტრენინგები სკოლების ადმინისტრაციების, მასწავლებლების, სტუდენტების (მათ შორის შშმ პირების), მათი მშობლებისა და ჟურნალისტებისთვის
  • ცნობიერების ამაღლების კამპანია ბეჭდვითი მედიის საშუალებით
  • შშმ პირთა უფლებებზე ბროშურის გამოცემა
  • საჯარო შეხვედრები და დისკუსიები
  • საბოოლო პრეზენტაცია
 
საია აღნიშნულ პროექტში ჩართულია როგორც პარტნიორი ორგანიზაცია, რომლის ძირითად ვალდებულებასაც წარმოადგენს პროექტის სამართლებრივი მხარდაჭერა.