სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან“ გათავისუფლებული პირის საქმე სასამართლოში წარმატებით დასრულდა

2023-05-18 12:12
Featured image

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით,  დაკმაყოფილდა სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ ყოფილი თანამშრომლის სარჩელი.

„საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა“ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა, მიზეზად თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა. დასაქმებული იყო საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის წევრი.

სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე - სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. საქმეში გამოიკვეთა რეორგანიზაციის ფარგლებში კომპეტენციის არასათანადო შემოწმების პრობლემა, შეფასების კრიტერიუმების არარსებობა და დასაქმებულისთვის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზებაზე უარი, რაც სრულად ეწინააღმდეგება მოქმედ შრომის კანონმდებლობას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ“ მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ცნო ბათილად, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 3000 ლარის, დამატებით გამოუყენებელი შვებულებისა და საპროცესო ხარჯების ანაზღაურება. გადაწყვეტილება ამ დროისთვის არაა შესული კანონიერ ძალაში.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში  საია იცავდა.